''ბეერსხოტის'' მწვრთნელი ქართველზე: ''მან დიდი ნაბიჯი გადადგა, დრო უნდა მივცეთ''
Aa
Aa

''ბეერსხოტის'' მწვრთნელი ქართველზე: ''მან დიდი ნაბიჯი გადადგა, დრო უნდა მივცეთ''

ბელგიურ საფეხბურთო კლუბ ''ბეერსხოტში'' 21 წლის ირაკლი ბუღრიძე ჩაირიცხა. მან კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ირაკლი ბუღრიძე ახალ კლუბს ესპანურ შეკრებაზე შეუერთდა და სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის შესახებ ''ბეერსხოტის'' არგენტინელმა მწვრთნელმა ერნან ლოსადამ ისაუბრა: ''ირაკლი სწრაფი და ფიზიკურად ძლიერია. მას შეუძლია მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელს გვერდი აუაროს და დრიბლინგი შეასრულოს.

მას შეუძლია მომავალში გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად, ერთ-ერთ ლიდერად იქცეს. არ გვავიწყდება, რომ ის ახალგაზრდაა და მან კარიერაში დიდი ნაბიჯი გადადგა. მას დრო უნდა მივცეთ.''

ბუღრიძე 2016-17 წლებში თბილისის ''ლოკომოტივის'' მოთამაშე იყო, თუმცა თბილისურ კლუბში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და 2018 წლის სეზონი საჩხერის ''ჩიხურაში'' გაატარა.

2018 წლის ეროვნულ ლიგაში ბუღრიძემ ეროვნული ლიგის 35 შეხვედრაში 8 გოლი შეაგდო და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 მატჩი ჩაატარა.

ბუღრიძე CrystalSport-ს ესაუბრა.

ირაკლი ბუღრიძე: ''დაინტერესება სხვა კლუბებიდანაც იყო, თუმცა კარიერული წინსვლისთვის ''ბეერსხოტი'' ყველაზე კარგი ვარიანტია. ჩემი ახალი კლუბი ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში აღზევების ყველაზე რეალური კანდიდატია.

ზოგადად ბელგიასა და ჰოლანდიაში თამაში ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარებისთვის კარგი არჩევანია. სწორედ ამიტომ ვთქვი უარი რუსეთში, სლოვაკეთში, რუმინეთსა და აზერბაიჯანში თამაშზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები