დილიან უაითმა ჯოშუას, ფიურის, უაილდერის, პოვეტკინის და მილერის შესახებ ისაუბრა
Aa
Aa

დილიან უაითმა ჯოშუას, ფიურის, უაილდერის, პოვეტკინის და მილერის შესახებ ისაუბრა

ენტონი ჯოშუასთან განცდილი მარცხის შემდეგ დილიან უაითმა სერიოზული პროგრესი განიცადა. ბრიქსტონელმა მოკრივემ 2018 წელიც დადებით ნოტაზე დაასრულა და უშუალო კონკურენტი, დერეკ ჩისორა, გამანადგურებელი ნოკაუტით დაამარცხა.

მიუხედავად ყველაფრისა უაითის სამომავლო გეგმები ბურუსითაა მოცული. შესაძლოა მან 13 აპრილს, ენტონი ჯოშუასთან მატჩრევანში გამართოს, ან კვლავ არც თუ ისე ძლიერი მოკრივის წინააღმდეგ მოუწიოს გამოსვლა. გულშემატკივართა უმრავლესობა დილიანის მიმართ დადებითადაა განწყობილი და იმედი აქვს, რომ ბრიქსტონელი საჩემპიონო ქამრებისთვის იბრძოლებს.

უაითი მზადაა ნებისმიერი ოპონენტი გაანადგუროს, რაც Sky Sports-სთვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ჟურნალისტებთან საუბრისას დილიანმა მძიმეწონით დივიზიონში მოასპარეზე მოკრივეები დაახასიათა და საკმაოდ საინტერესო და ამბიციური განცხადებები გააკეთა.

ენტონი ჯოშუა

„ენტონი ჯოშუა ბრწყინვალე მოკრივე და ღირსეული ჩემპიონია, თუმცა მჯერა, რომ მისი ნოკაუტში ჩაგდება შემიძლია. ჩვენი პირველი ბრძოლისას არასწორი ტაქტიკა ავირჩიე, უკან ვიხევდი და ველოდებოდი როდის დაიღლებოდა. ახლა ყველაფერი სხვანაირად წარიმართება. ამჯერად უფრო აგრესიული ვიქნები და ჩემმა დარტყმამ მიზანს თუ მიაღწია, ჯოშუას სერიოზული პრობლემები შეექმნება.

"დღესდღეობით უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფები, უფრო სწრაფი ვარ და ყველა ასპექტში მომატებული მაქვს".

დეონტეი უაილდერი

"უაილდერს საკმაოდ ძლიერი დარტყმა აქვს, მაგრამ არ იცის როგორ იჩხუბოს. მის მიერ განხორციელებული შეტევების დანახვა და მათგან თავის დაღწევა ძალიან ადვილია. დეონტეის კრივის ფუნდამენტური ასპექტების შესახებ არაფერი მოეხსენება და ზურგს არც მაღალი საკრივო ინტელექტი უმაგრებს".

ტაისონ ფიური

"ფიური მაღალი და უცნაური სტილის მქონე მებრძოლია, რომელსაც მტკივნეული დარტყმები არ ახასიათებს და მისი ნოკდაუნში ჩაგდება რთულ დავალებას ნამდვილად არ წარმოადგენს.

"დარწმუნებული ვარ ტაისონს ნოკაუტით დავამარცხებ".

ალექსანდრ პოვეტკინი

"პოვეტკინი კარგი მებრძოლი და ამავდროულად ნამდვილი ლაჩარია. დევიდ პრაისთან დაპირისპირების შემდეგ მან პირობა მომცა, რომ რინგზე ჩემს წინააღმდეგ გამოვიდოდა შემდეგ კი მოვიდა და უბრალოდ მითხრა, რომ ჩემთან ჩხუბს არ აპირებდა".

ოლექსანდრ უსიკი

"უსიკი მსოფლიო დონის მოკრივეა, თუმცა ჩვენს დივიზიონში არ ასპარეზობს. მასთან ორთაბრძოლის ჩატარება რომ მომიწიოს დარწმუნებული იყავით, რომ ნამდვილ ომს გავმართავთ".

"რინგზე ჩვენი შეხვედრა თითქმის გამორიცხულია, თუმცა ვფიქრობ მისთვის სერიოზული ტკივილის მიყენება შემიძლია".

ჯარელ მილერი

"ჯარელი? მილერი ძალიან მსუქანია! სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონობაზე პრეტენზია გქონდეს და ამავდროულად ასეთი მსუქანი იყო"!  

ცხელი ამბები