Aa
Aa

ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე 250-იან ტურნირზე, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი 1/4 ფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილს დაუპირისპირდა და რთული ბრძოლის გადატანა მოუწია.

ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში კარგად დაიწყო და საწყის პარტიაში სახელოვანი მეტოქე აშკარად დაჯაბნა, რამაც ანგარიშში დაწინაურების საშუალება მისცა - 6:4.

მეორე სეტის სტარტზე ჯოკოვიჩმა მოუმატა და პირველსავე შესაძლებლობაზე ბრეიკი შეასრულა, ეს კი გადამწყვეტი უპირატესობა აღმოჩნდა და დარჩენილ გეიმებში მეტოქეებს ერთმანეთს მოწოდება აღარ აუღიათ.

რაც შეეხება მე-3 სეტს, პირველ 2 გეიმში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, რასაც მე-5 გეიმში სერბის ბრეიკი მოჰყვა და  რამდენიმე რთული მომენტის მიუხედავად, "ნოლემ" მატჩის მიმდინარეობა ხელიდან აღარ გაუშვა - 4:6; 6:3; 6:4.

ბასილაშვილმა 4 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 54-დან 39, ხოლო მეორეზე 28-დან 12 ქულა მოიგო. ნიკამ ჯოკოვიჩის ჩაწოდება 3-ჯერ მოიგო, თავად კი საკუთარი 4-ჯერ დათმო.

26 წლის ქართველმა მოთამაშემ დოჰაში გამოსვლა 1/4 ფინალში დაასრულა, რაც წინა წლის გათამაშებასთან შედარებით უკეთესი შედეგია (გასულ წელს 1/8 ფინალში წააგო), ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი თანამემამულე მომავალი კვირიდან, დიდი ალბათობით, ATP-ს რეიტინგის საუკეთესო ოცეულში აღმოჩნდება, რაც დამოუკიდებელი საქართველოსთვის ისტორიული შედეგია.

ბასილაშვილი ამიერიდან უკვე წლის პირველი დიდი სლემის ტურნირისთვის, ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოემზადება. მელბურნში გასამართი გათამაშება 14 იანვარს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები