რეკორდები და მიღწევები, რომელთა გაუმჯობესება მესის 2019 წელს შეეძლება
Aa
Aa

რეკორდები და მიღწევები, რომელთა გაუმჯობესება მესის 2019 წელს შეეძლება

„კატალონიის ბარსელონას“ 2019 წელს სერიოზული გეგმები აქვს. „ბლაუგრანა“ სამ ფრონტზე იბრძვის და სასურველი შედეგის დაფიქსირების საკმაოდ დიდი შანსი გააჩნია.

წარმატების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი რა თქმა უნდა ლიონელ მესის გამოსვლას უკავშირდება. ეს უკანასკნელი 2018-ში მოწოდების სიმაღლეზე იყო და „ბარსას“ ქომაგები იმედოვნებენ, რომ სიტუაცია არც მომდევნო 12 თვეში შეიცვლება.

არგენტინელ სუპერვარსკლავს 2019 წელს მთელი რიგი ინდივიდუალური მიღწევების გაფორმება შეეძლება, რომელთა შორის რამდენიმე საკმაოდ შთამბეჭდავია.

კასილიასის რეკორდთან ახლოს

„ლა ლიგაში“ ყველაზე მეტი შეხვედრა იკერ კასილიასს აქვს მოგებული. „მადრიდის რეალის“ ყოფილი მეკარის ანგარიშზე 334 გამარჯვებაა. მესი ესპანელ კიპერს 11 მოგებით ჩამორჩება.

მეექვსე „ოქროს ბუცი“

2019 წელს მესი „ოქროს ბუცის“ კარიერაში მეექვსედ და მიჯრით მესამედ დასაკუთრებას შეეცდება. მსგავსი რამ ფეხბურთის ისტორიაში არასდროს მომხდარა.

ჯერ ინიესტა, შემდეგ ჩავი

ლეო მესის „ბარსელონას“ რიგებში 657 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს. არგენტინელი შემტევი მეორე პოზიციაზე მყოფ ანდრეს ინიესტას 17 მატჩით ჩამორჩება და დიდი ალბათობით 2019 წელს ესპანელს გადაასწრებს. რაც შეეხება ლიდერს, პირველი ადგილი 767 შეხვედრით ჩავის ეკუთვნის.

ტელმო სარა და „პიჩიჩი“

მესის 2019 წელს „პიჩიჩის“ მეექვსედ მოგების შანსი ექნება. თუ ყველაფერი არგენტინელისთვის სასიკეთოდ დასრულდა, იგი ლეგენდარულ ტელმო სარას გაუთანაბრდება. შეგახსენებთ, რომ 31 წლის შემტევს „ლა ლიგის“ ეგიდით 397 გოლი აქვს გატანილი და 400-იან ნიშნულსაც სულ მალე გადააბიჯებს.

რაიან გიგზი და ერთი კლუბის მაისურით მოგებული ტიტულების რაოდენობა

თუ 2019 წელს „ბარსელონამ“ „ტრებლი“ შეასრულა, მესის „ბლაუგრანას“ მაისურით 36 ტიტული დაუგროვდება. ამ მაჩვენებლით იგი „იუნაიტედის“ ლეგენდარულ გარემარბს, რაიან გიგზს, გაუტოლდება. არგენტინელი მიმდინარე სეზონში განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მოპოვებისთვის იბრძვის. როგორც მოგეხსენებათ კატალონიელებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 2015 წლის შემდეგ არ მოუგიათ.

50-ე ჰეთ-თრიქი

„ბარსელონას“ კაპიტანმა კარიერის მანძილზე ჰეთ-თრიქი 49-ჯერ შეასრულა. ლეოს 2019 წელს 50-იანი ნიშნულის დაფიქსირების უამრავი შანსი მიეცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები