გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება
Aa
Aa

გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება

საქართველოს ნომერ პირველი ქალი ჩოგბურთელი, ეკატერინე გორგოძე ავსტრალიაში იმყოფება და წლის პირველი დიდი სლემის ტურნირისთვის ემზადება.

გორგოძემ თავისთვის სადებიუტო დიდი სლემის ტურნირზე რამდენიმე თვის წინ ითამაშა. იგი ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვიდა და მეორე წრეში კანადელ ეჟენი ბუშართან დამარცხდა, ახლა კი ძალებს უკვე AUS OPEN-ზე გამოცდის.

ამჟამად მსოფლიოს 163-ე ჩოგან ქართველს საკვალიფიკაციო ეტაპში ჩართვა მოუწევს, რომელიც 8 იანვრიდან დაიწყება, მისი მეტოქე კი რამდენიმე დღეში გაირკვევა. ძირითად ბადეში 128 გოგონა ითამაშებს, რომელთაგანაც 103 ადგილი პირდაპირი წესით გაიცემა, 9 მოთამაშე "ველურ ბარათს" მიიღებს, ხოლო დარჩენილ 16 ჩოგბურთელს შესარჩევი ეტაპი გამოავლენს.

ავსტრალიის ღია პირველობის რიგით 107-ე გათამაშება (ღია ერაში 51-ე) 14 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს მამაკაცთა ფინალური მატჩით დასრულდება. 

შეგახსენებთ, რომ ეკო გორგოძეს გასულ წელს კარიერის საუკეთესო სეზონი ჰქონდა და ასტანაში 80 000-იანი, ხოლო გერმანიის ქალაქ ჰეხინგენში 60 000-იანი ტურნირი მოიგო. შედეგად, მსოფლიო რეიტინგის საწყის 200-ეულში პირველად აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები