სალამი, ჟოზე! - პოგბა დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია
Aa
Aa

სალამი, ჟოზე! - პოგბა დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

დეკემბრის დასაწყისში პოლ პოგბას "მანჩესტერიდან" აბარგებაზე ბევრი იწერებოდა, ეს ყველაფერი კი გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტს უკავშირდებოდა. "განსაკუთრებული" 18 დეკემბერს პოსტიდან დაითხოვეს, პოგბა კი მას შემდეგ ბრწყინვალედ ათამაშდა და "წითელ ეშმაკთა" უდავო ლიდერად იქცა.

ახალი მწვრთნელის, ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით "იუნაიტედმა" უკვე 4 შეხვედრა გამართა. პოგბა ყველა მატჩში ძირითადში იყო და პროფაილი ჩინებული სტატისტიკითაც შეივსო. ფრანგმა შუახაზელმა 4 გოლი თავად შეაგდო, 3 კი თანაგუნდელებს გაატანინა. შედეგად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" იგი დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

კლუბმა ასევე გამოარჩია - მარკუს რაშფორდი და ჯესი ლინგარდი. თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ბრძოლაში, პოგბამ სწორედ ისინი დაჯაბნა. ბოლო 4 თამაშში რაშფორდის ანგარიშზე 3 გოლი და 1 ასისტია, ხოლო ლინგარდმა 2 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.

პოგბას მიმართ ინტერესს მისი ყოფილი კლუბი, "იუვენტუსი" და კატალონიის "ბარსელონა" იჩენენ, თუმცა სადღეისო მდგომარეობით, მისი "ოლდ ტრაფორდიდან" აბარგება ნაკლებად მოსალოდნელია. მას "წითელ ეშმაკებთან" ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები