მაურიციო სარი:
Aa
Aa

მაურიციო სარი: "ვილიანის ტრავმა სერიოზული არაა"

პრემიერ ლიგის 21-ე ტური „ლონდონის ჩელსისთვის“ წარუმატებელი გამოდგა. „არისტოკრატებმა“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლეს და გათამაშების ერთ-ერთი აუთსაიდერის დამარცხება ვერ შეძლეს. „ლურჯები“ უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ, თუმცა მეტოქე გუნდის კარის აღება ვერა და ვერ მოახერხეს.

ბოლო პერიოდში მაურიციო სარის კოლექტივს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, რასაც ვილიანი ტრავმა დაემატა. „წმინდანებთან“ გამართული შეხვედრის 37-ე წუთზე ბრაზილიელი ნახევარმცველი მაია იოშიდას შეეჯახა და მოედნის დატოვება მოუწია.

მატჩის დასრულების შემდეგ ლონდონელთა იტალიელმა თავკაცმა საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა და ვილიანის დაზიანების სირთულის შესახებაც ისაუბრა: „ვილიანის ტრავმა სერიოზული არაა და იგი გუნდს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება“.

„რაც შეეხება დაპირისპირებას, „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა, რადგან ჟირუს, პედროს და ჰადსონ ოდოის გარეშე ვიასპარეზეთ. საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში სიმწვავე გვაკლდა. რამდენიმე მომენტი შევქმენით, თუმცა სამწუხაროდ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ“.

„ჩელსი“ 44 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში „არისტოკრატები“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „ნიუკასლს“ მიიღებენ და სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები