კრიშტიანუ არ ჩერდება! - მორიგი რეკორდი იტალიაში
Aa
Aa

კრიშტიანუ არ ჩერდება! - მორიგი რეკორდი იტალიაში

"იუვენტუსმა" და VAR-მა "სამპდორია" დაამარცხა" - ასეთი სათაური მიუძღვნა სერია A-ს მე-19 ტურის გახსნით მატჩს გავლენიანმა გამოცემამ, football-italia-მ. ტურინელებმა კრიშტიანუ რონალდუს დუბლის წყალობით,  "სამპასთან" 2:1 იმარჯვეს და პირველი წრე 53 ქულით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დამატებულ წუთზე, რიკარდო საპონარამ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა VAR-ის დახმარებით მსაჯმა გოლი გააუქმა, რამაც გენუელთა 6 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

რონალდუმ ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა, მეორე ტაიმში კი პენალტით, გამარჯვების გოლი გაიტანა და იტალიის ჩემპიონატის ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის გამტანი პორტუგალიელი ფეხბურთელი გახდა. ეს რეკორდი აქამდე "იუვეს" კიდევ ერთ მოთამაშეს, რუი ბაროშს ეკუთვნოდა, რომელმაც 1988-1989 წლებში 12 გოლი შეაგდო.

პორტუგალიელ ფეხბურთელთაგან, იტალიის ჩემპიონატში ჯამურად ყველაზე მეტი გოლი მანუელ რუი კოშტას აქვს გატანილი. იგი წლების მანძილზე "ფიორენტინასა" და "მილანის" ღირსებას იცავდა და სერია A-ში 50 გოლი შეაგდო.

კრიშტიანუ რონალდუ ამჟამად სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია. მის აქტივში 14 გოლია და "ჯენოას" ფორვარდ კრშიშტოფ პიონტეკს 1 ბურთით უსწრებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ყველა ტურნირის ჩათვლით, "იუვენტუსის" მე-100 გოლი სწორედ რონალდუს მიერ დღეს გატანილი მე-2 ბურთი აღმოჩნდა. შედეგად, "ვეკია სინიორამ" კალენდარული წელი მრგვალი შედეგით, 100 გოლით დაამთავრა.

სტუმართა მხრიდან თავი ფაბიო კუალიარელამ გამოიჩინა, რომელმაც სერია A-ს ზედიზედ მე-9 ტურში შეაგდო და დავიდ ტრეზეგეს 2005 წლის შედეგი გაიმეორა. ამ მხრივ რეკორდი გაბრიელ ბატისტუტას სახელს უკავშირდება, ლეგენდარულმა არგენტინელმა 1994 წელს, იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ 11 თამაშში გაიტანა.

დღევანდელი მოგებით რეკორდი დაამყარა თავად "იუვენტუსმაც". გუნდმა ჩემპიონატის პირველი წრე 53 ქულით დაასრულა, რაც 2005-2006 და 2013-2014 წლებში მისივე დაფიქსირებულ შედეგებზე 1 ქულით მეტია. ხსენებულ ორივე სეზონში "ბებერმა ქალბატონმა" "ლეგა კალჩოს" პირველ წრეში 52 ქულა მოაგროვა.

"იუვენტუსი" - "სამპდორია" 2:1

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები