ცხადაძე ჰაინკესზე: ''ბუნდესლიგაში ნოვატორი იყო, პერსონალურ დაცვაზე უარი თქვა''
Aa
Aa

ცხადაძე ჰაინკესზე: ''ბუნდესლიგაში ნოვატორი იყო, პერსონალურ დაცვაზე უარი თქვა''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანმა კახა ცხადაძემ ფრანკფურტის ''აინტრახტში'' გატარებული პერიოდი გაიხსენა. ბუნდესლიგაში ასპარეზობისას ცხადაძემ არაერთ ცნობილ სპეციალისტთან იმუშავა, მათ შორის იყო ლეგენდარული იუპ ჰაინკესი. 50 წლის საფეხბურთო სპეციალისტი ჯეი-ჯეი ოკოჩასთან მეგობრობასა და ''დეპორტივოში'' ჩაშლილ ტრანსფერსაც იხსენებს.

- იუპ ჰაინკესის მთავარი მწვრთნელობისას ფრანკფურტის ''აინტრახტი'' ბუნდესლიგის აუტსაიდერად იქცა და შემდეგ მეორე ბუნდესლიგაში გავარდა. როგორ ფიქრობთ რამ განაპირობა გუნდის წარუმატებლობა?

- იმ პერიოდში ბუნდესლიგის გუნდები პერსონალური დაცვის სისტემით თამაშობდნენ: 3 ცენტრალური მცველი და 1 ლიბერო. ჰაინკესი ბილბაოს ''ატლეტიკში'' მუშაობდა და ესპანეთიდან ''აინტრახტში'' წამოვიდა. მან ახალი სისტემით თამაში გადაწყვიტა, პერსონალურ დაცვაზე უარი თქვა და 4 მცველი ხაზზე მოქმედებდა. ახალი სისტემა გუნდმა კარგად ვერ აითვისა და მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ანდრეას კიოპკე ბუნდესლიგიდან მესამედ გავარდა.

არსებობდა მეორე პრობლემა, მას შემდეგ რაც ''აინტრახტში'' გადავედი, მთავარი მწვრთნელი 7-ჯერ შეიცვალა. ცხადია ყოველ გაშვებულ მწვრთნელს კომპენსაციას უხდიდნენ, რაც კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა. არასაკმარისი ფინანსების გამო გუნდში მეორეხარისხოვანი ფეხბურთელები მოიყვანეს. ისეთი სელექცია არ ჩატარდა, როგორიც ჰაინკესს სჭირდებოდა.

ჰაინკესის ვარჯიშებიდან ბევრი რამ მახსოვს და ბევრი რამ გადმოვიღე, განსაკუთრებით კი დაცვის ხაზზე თამაში. იუპი ძალიან ძლიერი მწვრთნელი იყო, თუმცა არასწორი სელექციისა და სათამაშო სისტემის რადიკალურად შეცვლის გამო მეორე ბუნდესლიგაში გავვარდით.

- ფრანკფურტის ''აინტრახტში'' ჯეი-ჯეი ოკოჩასთან ერთად თამაშობდით. მას პიროვნულად როგორ დაახასიათებთ ?

- ძალიან კარგი პიროვნებაა. მაშინ ''აინტრახტის'' ძირითადში სამი უცხოელი ვთამაშობდით: პოლონელი იან ფურტოკი, მე და ენტონი იებოა.  ჯეი-ჯეი ახალგაზრდა იყო, თუმცა ძალიან იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლებოდა. მახსოვს სახლში 2:1 მოვუგეთ ''კარლსრუეს.''  ჯეი-ჯეი მოედანზე შემოვიდა და კანის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს გოლი დღემდე მსოფლიოს 50 საუკეთესო გოლს შორისაა.  ოკოჩა ძალიან მხიარული პიროვნება იყო.  მე და ჯეი-ჯეი ''აინტრახტში'' ერთდროულად მივედით. ის თმებს ხან წითლად იღებავდა, ხან კი -  ყვითლად, ძალიან მხიარული იყო. სხვათაშორის ამ მხრივ აფრიკელები გამორჩეულები არიან. ტონიც მხიარული იყო. მათთან განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.

- 1993 წლის 8 დეკემბერს ''აინტრახტში'' თამაშისას უეფას თასზე ბებეტოს ''დეპორტივო'' ‘‘რიაზორზე’’ დაამარცხეთ. თქვენს კარიერაში ბებეტო ყველაზე ძლიერი ოპონენტი იყო?

- იმ პერიოდის არაერთი ვარსკვლავის წინააღმდეგ ვითამაშე. რა თქმა უნდა თითოეულს თავისი პლუსები ჰქონდა. ბებეტოს განეიტრალება ძალიან რთული იყო, მით უმეტეს მაშინ პერსონალური დაცვის სისტემით ვთამაშობდით, თუმცა ჩემი აზრით ყველაზე რთული კლინსმანის განეიტრალება იყო, რადგან ის ფიზიკური სიძლიერით, სისწრაფითა და თავით კარგად თამაშით გამოირჩეოდა. 

- 1995 წლის ივლისში ინტერტოტოს თასზე საკმაოდ ძლიერ ''ბორდოსთან'' ითამაშეთ, მეტოქის შემადგენლობაში ვიჩგე, ზიდანი და ლიზარაზუ თამაშობდნენ. კრისტოფ დიუგართან ორთაბრძოლისას მძიმე ტრავმა მიიღეთ, რის გამოც ხანგრძლივი დროით ფეხბურთს ჩამოშორდით. თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული პერიოდი იყო ?

- ბუნდესლიგაში მესამე სეზონს ვიწყებდი, კარიერის პიკში ვიყავი, ''ბორდოსთან'' შეხვედრაში დიუგართან ორთაბრძოლისას დაღლილობის ფონზე ჯვარედინი იოგი გავიწყვიტე, რის გამოც 7 თვე გამოვტოვე. მას შემდეგ მიკროტრავმები გახშირდა, რამაც ჩემს სტაბილურ თამაშს ხელი შეუშალა.

''დეპორტივო'' ჩემს სანაცვლოდ რამდენიმე მილიონს იხდიდა, მაგრამ ''აინტრახტმა'' არ გამიშვა, რადგან კლუბი მეტს ითხოვდა, კლუბს მეტი სჭირდებოდა და ''ბორდოსთან'' მიღებულმა ტრავმამ ჩემს პროგრესს და უფრო ძლიერ კლუბში გადასვლას ხელი ძალიან შეუშალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები