ედენ აზარი:
Aa
Aa

ედენ აზარი: "მსურს ისეთ ლეგენდად ვიქცე, როგორიც ფრენკ ლამპარდი, ჯონ ტერი და დიდიე დროგბა არიან"

„ლონდონის ჩელსის“ შემტევისთვის, ედენ აზარისთვის, „უოტფორდის“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა. ბელგიელი თავდამსხმელი „არისტოკრატების“ ისტორიაში შევიდა და მეათე ფეხბურთელი გახდა, ვინც „ლურჯების“ მაისურით 100-ზე მეტი გოლი გაიტანა.

„კრაზანებთან“ მატჩში ედენმა საკუთარი გუნდი პირველი ტაიმის დამატებულ დროში დააწინაურა. „უოტფორდმა“ ანგარიშის გათანაბრება რამდენიმე წუთში შეძლო, თუმცა აზარმა ოპონენტის კარის აღება კიდევ ერთხელ მოახერხა და ამჯერად თერთმეტმეტრიანი შეაგდო.

შეხვედრის შემდეგ ბელგიელმა შემტევმა მიღწეულ შედეგზე “Sky Sports“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა: „მინდა „ჩელსის“ მაისურით გაცილებით მეტი გოლი გავიტანო და კლუბის ისტორიაში შევიდე. მსურს ისეთ ლეგენდად ვიქცე, როგორიც ფრენკ ლამპარდი, ჯონ ტერი და დიდიე დროგბა არიან. „არისტოკრატების“ რიგებში 101 ბურთის შეგდება შესანიშნავი მიღწევაა, რომელიც არასდროს დამავიწყდება“.

„უოტფორდთან“ მოპოვებული გამარჯვების შედეგად მაურიციო სარის კოლექტივს 40 ქულა დაუგროვდა. „სტემფორდ ბრიჯის“ მკვიდრები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და 40 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილს იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები