ადრიენ ბრონერი დააპატიმრეს
Aa
Aa

ადრიენ ბრონერი დააპატიმრეს

ამერიკელი მოკრივე, ადრიენ ბრონერი, მორიგ სკანდალში გაეხვა. უცხოური გამოცემების თანახმად 29 წლის მებრძოლი ფლორიდის პოლიციამ დააპატიმრა.

გავრცელებული ინფორმაციით ბრონერი დეკემბრის დასაწყისში სასამართლო დარბაზში არ გამოცხადდა და თავისუფლების აღკვეთის მიზეზი სწორედ ეს გახდა. როგორც ირკვევა დაკავების ორდერი 2017 წელს აღძრულ საქმეს უკავშირდება.

შარშან, ზუსტად ამ დროს ადრიენი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარეს რამდენჯერმე გადააჭარბა და შემოწმებისას ვინაობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა. TMZ Sport-ის ცნობით ბრონერი სასამართლოში რამდენჯერმე იყო დაბარებული, მაგრამ დარბაზში არცერთხელ გამოცხადებულა. აღსანიშნავია, რომ ადრიენს წინასწარი დაკავების იზოლატორში დიდი დრო არ გაუტარებია და მალევე გაათავისუფლეს.

ამერიკელი მოკრივე პრობლემებში ხშირად ეხვევა და მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეა აღძრული. როგორც ცნობილია ნიუ იორკში დაარსებული ერთ-ერთი საიუველირო კომპანია ადრიენს ვალის დაფარვას სთხოვს, რომელიც 1.152 მილიონ დოლარს შეადგენს.

TMZ-ის ინფორმაციით 29 წლის სპორტსმენმა პირობა დადო, რომ დავალიანებას ვარგასთან ორთაბრძოლის შემდეგ გაანულებდა, თუმცა კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ 100000 დოლარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პაკიაოსა და ბრონერის დაპირისპირება ლას-ვეგასში 19 იანვარს გაიმართება. ბუკმეიკერები ფავორიტად „პეკმენს“ მიიჩნევენ, თუმცა ადრიენს სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები