კუალიარელამ ვიერის მიღწევა გაიმეორა
Aa
Aa

კუალიარელამ ვიერის მიღწევა გაიმეორა

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში, "სამპდორიამ" საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ღრმა აუტსაიდერი, "კიევო" მიიღო და 2:0 დაამარცხა. მასპინძელთაგან ფაბიო კუალიარელამ და გასტონ რამირესმა შეაგდეს.

გენუელები შესანიშნავ ფორმაში არიან, ბოლო 6 ტურში 14 ქულა მოიპოვეს და ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან. მათი ვეტერანი კაპიტანი, ფაბიო კუალიარელა კი ბრწყინვალე საგოლე სერიას აგრძელებს და სერია A-ს ზედიზედ მერვე მატჩში გაიტანა.

კრისტიან ვიერის შემდეგ კუალიარელა პირველი იტალიელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონატის 8 თამაშში ზედიზედ გაიტანა. ვიერიმ ეს 2002 წელს გააკეთა, როცა მილანის "ინტერის" ღირსებას იცავდა.

35 წლის ფორვარდმა ეს საგოლე სვლა 28 ოქტომბერს, "მილანთან" სტუმრად გამართული მატჩისას დაიწყო. მას საერთო ჯამში 11 შედეგიანი დარტყმა მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა, იგი კრშიშტოფ პიონტეკსა (13) და კრიშტიანუ რონალდუს (12) ჩამორჩება.

ფაბიო კუალიარელა წლების მანძილზე "უდინეზეს", "ნაპოლის", "იუვენტუსისა" და "ტორინოს" რიგებში თამაშობდა. მას სერია A-ში საუკეთესო სეზონი გასულ წელს ჰქონდა, როცა "სამპას" მაისურით 19 ბურთი შეაგდო.

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ იტალიელმა თავდამსხმელმა და "სამპდორიამ" თანამშრომლობის გაგრძელებაზე მოილაპარაკეს. ფეხბურთელი, რომელიც იანვარში 36 წლის ხდება, "ლუიჯი ფერარისზე" 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები