ცვლილებები AUS OPEN-ზე - ის, რაც ტურნირის დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ...
Aa
Aa

ცვლილებები AUS OPEN-ზე - ის, რაც ტურნირის დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ...

2019 წლის საჩოგბურთო სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით, 8 იანვარს გაიხსნა, ძირითადი ბადის შეხვედრები კი 14 იანვრიდანაა ჩანიშნული. წლევანდელი გათამაშება შესამჩნევი ცვლილებებით ჩატარდება.

ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორმა, კრეიგ ტილიმ დაადასტურა, რომ ეს ტურნირი განსხვავებული იქნება, რაშიც ბოლო სეტის ტაიბრეიკზე გადაწყვეტა იგულისხმება, რომელშიც ასევე ქულათა განსხვავებული რაოდენობა გათამაშდება.

ისევე როგორც „როლან გაროსსა“ და „უიმბლდონზე“, ავსტრალიის ღია პირველობაზეც აქამდე ბოლო სეტში გამარჯვებისთვის მინიმუმ 2 გეიმით წინ გასვლა იყო საჭირო. ამიერიდან კი, როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა თანრიგში, მე-5 სეტში (ქალთა შემთხვევაში მე-3 სეტში) ანგარიშზე - 6:6, ტაიბრეიკი დაინიშნება, ხოლო ტაიბრეიკზე გამარჯვებულს არა - 7-ის, არამედ 10 ქულის მოგება დასჭირდება. ხაზი გავუსვათ, რომ ეს წესი მხოლოდ ბოლო სეტის ტაიბრეიკს ეხება, ნებისმიერ დანარჩენ სეტში დანიშნული ტაიბრეიკი 7 ქულამდე იქნება.

ავსტრალიის ღია პირველობა დიდი სლემის პირველი ტურნირია, რომელზეც ამ ფორმატის ტაიბრეიკი გათამაშდება და არაა გამორიცხული, რომ სამომავლოდ ეს ცვლილებები სხვა დიდი სლემის ტურნირებსაც შეეხოს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ მამაკაცთა მატჩებისას, მე-3 სეტის დასრულების შემდეგ 10 წუთიანი პაუზა გამოცხადდება, რათა მოთამაშეებს გაგრილების საშუალება მიეცეთ. მოგეხსენებათ, რომ ამჟამად ავსტრალიაში ზაფხულია და გასული წლის ტურნირის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სიცხე იყო. ერთ-ერთი მატჩისას ჩოგბურთელებს +40 გრადუსის პირობებში თამაში მოუწიათ.

წლევანდელ AUS OPEN-ზე, რომელიც 14-27 იანვარს მელბურნში გაიმართება, საქართველოს 3 წარმომადგენელი ეყოლება: მამაკაცთა შორის ძირითად ბადეშია მსოფლიოს მე-20 ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ხოლო ქალთა შორის, ეკატერინე გორგოძეს საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის საშუალება ეძლევა. რაც შეეხება ოქსანა კალაშნიკოვას, იგი ქალთა წყვილთა თანრიგში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წელს მელბურნის კორტებზე როჯერ ფედერერმა და კაროლინ ვოზნიაცკიმ იმარჯვეს. ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება ისტორიაში რიგით 107-ე (ღია ერაში 51-ე) იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები