ჟოზე მოურინიო და „მესამე სეზონის სინდრომი“
Aa
Aa

ჟოზე მოურინიო და „მესამე სეზონის სინდრომი“

"მანჩესტერში" მესამე სეზონის საშინლად დაწყების შემდეგ ჟოზე მოურინიო „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. 55 წლის სპეციალისტის აწ უკვე ყოფილი გუნდი პრემიერ ლიგის მეექვსე ადგილს იკავებს და ერთპიროვნულ ლიდერს, „ლივერპულს“, 19 ქულით ჩამორჩება. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ წლევანდელ სეზონზე ცუდი სტარტი „მანჩესტერს“ 1990 წლის შემდეგ არ ჰქონია.

მოურინიოსთვის ახლანდელი სიტუაცია ძალიან ნაცნობია. „განსაკუთრებულმა“ „მესამე სეზონის სინდრომი“ ვერა და ვერ დასძლია და ამ უკანასკნელმა თავი კიდევ ერთხელ იჩინა.

ჩელსი (2004 წლის ივნისი - 2007 წლის სექტემბერი)

"არისტოკრატების" რიგებში მოსვლის შემდეგ ჟოზემ პრემიერ ლიგა მიჯრით მოიგო, თუმცა 2006-07 წლებში გუნდში სერიოზულმა პრობლემებმა იჩინა თავი. აღნიშნულ სეზონში მოურინიო ასოციაციის და ლიგის თასის ტრიუმფატორი გახდა, მაგრამ რეგრესი აშკარა იყო. ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში „ჩელსის“ მიერ მოგებული მატჩების პროცენტული მაჩვენებელი 76-დან 63-მდე დაეცა. 

სიტუაცია მალე გამწვავდა. ანდრეი შევჩენკოს ტრანსფერს მოურინიოს უკმაყოფილება მოჰყვა და თუ ბრიტანულ გამოცემებს დავუჯერებთ ჟოზეს კლუბის მფლობელთან, რომან აბრამოვიჩთან, ურთიერთობა გაუფუჭდა.

მოურინიო „არისტოკრატების“ თავკაცის პოსტზე სეზონის ბოლომდე დარჩა, მაგრამ პრობლემების აღმოფხვრა ვერ მოახერხა. "საშინელი სატრანსფერო პოლიტიკის" და კლუბში არსებული მდგომარეობის გამო „მოუმ“ „ჩელსის“ რიგები "ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე" დატოვა.

რეალი (2010 წლის მაისი - 2013 წლის მაისი)

ჟოზეს ლონდონურ და მადრიდულ კარიერას შორის პარალელის გავლება ძალიან მარტივია. 2010 წელს, "ინტერთან" ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ "განსაკუთრებული" "რეალში" წავიდა. მან "სანტიაგო ბერნაბეუზე" სადებიუტო სეზონში კოპა დელ რეი დაისაკუთრა, მომდევნო წელს კი ლა ლიგის ტრიუმფატორი სარეკორდო შედეგით გახდა. მიუხედავად წარმატებული პერიოდისა მესამე სეზონში ყველაფერი აირია... ზუსტად მაშინ, როცა მოურინიომ გუნდთან ახალი, ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა...

2012-13 წლებში ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში "რეალის" მიერ მოპოვებული გამარჯვებების პროცენტული მაჩვენებელი 84-დან 68-მდე დაეცა. "სამეფო კლუბმა" სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და მოსისხლე მტერს, "ბარსელონას", 15 ქულით ჩამორჩა. წარუმატებლობით გაღიზიანებულ მოურინიოს საკუთარი თავის კონტროლი უჭირდა. ჟოზე "ლოს ბლანკოსის" ფეხბურთელების მიმართ განსხვავებული მოპყრობით ხასიათდებოდა, მოთამაშეებსა და ქომაგებს შორის დაძაბულობა წარმოქმნა და ესპანურ პრესას ომი გამოუცხადა.

ადგილობრივი ჟურნალისტები პორტუგალიელს ხშირად აკრიტიკებდნენ, რაზეც მოურინიო კომენტარს რეგულარულად აკეთებდა. ჟოზე უარყოფით ფრაზებს არც საკუთარი ფეხბურთელების მისამართით „იშურებდა“ და როცა ტრავმირებული იგუაინის გამო იძულებული შეიქმნა ძირითადში ბენზემა გაემწესებინა, განაცხადა: „თუ ძაღლთან ერთად ნადირობა არ შემიძლია, კატასთან ერთად ვინადირებ“.

ესპანეთის თასის ფინალური დაპირისპირების "ატლეტიკოსთან" წაგების შემდეგ მოურინიომ 2012-13 წლების სეზონს კარიერაში ყველაზე ცუდი უწოდა და მადრიდი „ჩვეულ სტილში“ დატოვა...

ჩელსი (2013 წლის ივნისი - 2015 წლის დეკემბერი)

პორტუგალიელის „არისტოკრატების“ რიგებში დაბრუნება წარმატებული აღმოჩნდა. „სტემფორდ ბრიჯის“ მკვიდრებთან ერთად მან მეორე წელს პრემიერ ლიგა და ლიგის თასი მოიგო, ხოლო სადებიუტო სეზონში ინგლისის ჩემპიონს მხოლოდ და მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩა.

„მოუმ“ „ჩელსიში“ დარჩენის სურვილი გამოთქვა და გუნდთან ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ტრადიციულმა პრობლემებმა თავი კიდევ ერთხელ იჩინა. "ჩელსის" სატრანსფერო პოლიტიკის კრიტიკა, დაძაბული ურთიერთობა მოთამაშეებთან, "საოცარი" რეაქცია მოედანზე შესულ ევა კარნეიროზე და ა.შ... საბოლოოდ ქაოსის თავიდან ასარიდებლად „არისტოკრატბმა“ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. მოურინიომ „ჩელსიში“ ეპოქის შექმნა ვერ მოახერხა და ლონდონური კლუბი კვლავ "ორმხრივი შეთანხმების" საფუძველზე დატოვა.

მანჩესტერ იუნაიტედი ( 2016 წლის მაისი - 2018 წლის დეკემბერი)

„მანჩესტერში“ ჟოზემ „ჩელსიში“ მიღწეული წარმატების გამეორება ვერ მოახერხა, თუმცა გულშემატკივრების გახარება მაინც შეძლო. მოურინიომ სადებიუტო სეზონში „წითელ ეშმაკებთან“ ერთად ლიგის თასი დაისაკუთრა და ევროპა ლიგაზე მიღწეული ტრიუმფის შედეგად ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

2017-18 წლებში „იუნაიტედს“ არაფერი მოუგია, მაგრამ ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის მეორე ადგილი დაიკავა.  „მოუმ“ ახალი კონტრაქტი შარშანდელი სეზონის შუაწელს გააფორმა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ გუნდის დატოვება მოუწია.

კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის კრიტიკა ჟოზეს „ოლდ ტრაფორდზეც“ არ შეუწყვეტია. პოლ პოგბასთან და „იუნაიტედის“ სხვა ფეხბურთელებთან არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია...

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები