მერებაშვილი: ''გადაჭრით ვერ ვიტყვი წავალ თუ დავრჩები''
Aa
Aa

მერებაშვილი: ''გადაჭრით ვერ ვიტყვი წავალ თუ დავრჩები''

საქართველოს ეროვნული ნაკრების და პოლონური პლოცკის ''ვისლას'' ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა შესაძლოა კლუბი დატოვოს. 32 წლის ფეხბურთელი, რომელმაც პოლონეთის ჩემპიონატის გასულ 2 ტურში 3 გოლი შეაგდო, საკლუბო და სანაკრებო თემებზე crystalsport-ს ესაუბრა.

- გასულ სეზონში ''ვისლა'' მაღალი ადგილებისთვის იბრძოდა, თუმცა მიმდინარე სეზონში გასავარდნ ზონასთან ახლოსაა. სეზონის სტარტზე მთავარი მწვრთნელი იეჟი ბჟენჩეკი სამუშაოდ პოლონეთის ეროვნულ ნაკრებში წავიდა. კრიზისი მისმა წასვლამ განაპირობა ?

    - ცხადია მწვრთნელის ფაქტორი არსებობს. სეზონის დაწყებამდე მწვრთნელი შეცვალეს. მისმა შემცვლელმა ორთვიანი მუშაობის შემდეგ პოსტი დატოვა. მიმდინარე სეზონში მუშაობა მესამე მთავარ მწვრთნელთან გვიწევს. თითოეულ მწვრთნელს ფეხბურთზე თავისი შეხედულება აქვს. ახალი მწვრთნელის მოსვლასთან ერთად გუნდის ტაქტიკა იცვლება. ნებისმიერ გუნდს კონკრეტულ ტაქტიკაზე მოსარგებად დრო სჭირდება, თუმცა მთლიანობაში წარუმატებლობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ხშირად იღბალი გვაკლდება და ძალიან ბევრ მომენტს ვერ ვიყენებთ. ამასთან მარტივ ვითარებებში ვცდებით და გოლებს ვუშვებთ.

     იმედი მაქვს სეზონის მეორე ნახევარში ვითარება გამოსწორდება.  ჩვენს გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

    - გოლების რაოდენობის მხრივ გასული სეზონის შედეგი უკვე გაიმეორეთ და პოლონეთის ჩემპიონატში 5 გოლი გაიტანეთ. როგორ შეაფასებთ თქვენს გამოსვლას ბოლო ორ შეხვედრასა და ზოგადად სეზონის პირველ ნახევარში?

    - ბოლო 2 შეხვედრა ძალიან კარგად ჩავატარე. სეზონის პირველ ნახევარს დადებითად შევაფასებ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საკმაოდ სერიოზული ტრავმა მქონდა, ოპერაციის შემდეგ სამი თვე გამიცდა და ზაფხულში სრულყოფილი შეკრებაც არ გამივლია, აქედან გამომდინარე სეზონის პირველ ნახევარს დადებითად შევაფასებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი შემიძლია.

     მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნულ ნაკრებში ყაზახეთთან გატანილმა გოლმა თავდაჯერება შემმატა. რა თქმა უნდა გავაგრძელებ წინსვლასა და განვითარებას. ვეცდები შემდეგ თამაშებში უფრო შედეგიანი ვიყო.

    - მიმდინარე წლის დასაწყისში თქვენი გადაბირებით MLS-ის კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი. ამჟამად თუ გაქვთ წინადადებები და რამდენად რეალურია, რომ 2019 წლის იანვარში პლოცკის ''ვისლა'' დატოვოთ და  ახალ გუნდში გიხილოთ? 

    - დაინტერესება რამდენიმე კლუბის მხრიდან ნამდვილად არის, თუმცა კონკრეტული წინადადებით არ მოუმართავთ. გადაჭრით ვერ ვიტყვი წავალ თუ დავრჩები. ჩემი მომავალი დაახლოებით 15 იანვრამდე გადაწყდება.

    - ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო დანიასთან, შვეიცარიასთან, ირლანდიასთან და გიბრალტართან ითამაშებს. როგორ ფიქრობთ რამდენად რთული ჯგუფია ?

    - პირადად ჩემთვის საინტერესო ჯგუფია. შეიძლებოდა უფრო რთულ ან ნაკლებად რთულ ჯგუფში მოვხვედრილიყავით. საინტერესო ჯგუფია, თითოეული გუნდის სათამაშო სტილი განსხვავებულია. მათთან შეხვედრებში კარგად გამოჩნდება შეგვიძლია თუ არა საშუალო დონის ევროპულ ნაკრებებთან წარმატებით თამაში.

    - საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა 8 ოფიციალური დაპირისპირებიდან 7 ირლანდიელებმა მოიგეს. ბოლო მატჩი 2017 წელს ''დინამო არენაზე'' 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრები შეძლებს ირლანდიის დამარცხებას და ნავსის გატეხვას?

    - ჯგუფში ირლანდიელებთან ერთად არაერთხელ მოვხვდით, დროა ირლანდიასთან გავიმარჯვოთ, თუმცა ზოგადად ყველა მატჩში 3 ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

    ფოტო: wisla-plock.pl

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები