წითელი ბარათი ანანიძის წაქცევის გამო - ''სპარტაკი'' ევროტურნირს გამოეთიშა
Aa
Aa

წითელი ბარათი ანანიძის წაქცევის გამო - ''სპარტაკი'' ევროტურნირს გამოეთიშა

უეფას ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ესპანურმა ''ვილიარეალმა'' შინ მოსკოვის ''სპარტაკი'' 2:0 დაამარცხა. 

რუსული კლუბის მაისურით ქართველმა ლეგიონერმა ჯანო ანანიძემ ითამაშა, რომელიც თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო. 90-ე წუთზე ანანიძის წინააღმდეგ ხაუმე კოსტამ ძალიან უხეშად ითამაშა, რის გამოც არბიტრმა ესპანური გუნდის ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.

აღნიშნული ეპიზოდისას  ''სპარტაკის'' რუსმა ფეხბურთელმა გიორგი ჯიქიამ თანაგუნდელი დაიცვა და ხაუმე კოსტას ხელი კრა. ჯიქიამ ყვითელი ბარათი მიიღო.

ამ ეტაპზე უცნობია რამდენად მძიმეა ქართველი ფეხბურთელის დაზიანება.

 

მიმდინარე სეზონში ანანიძემ ''სპარტაკის'' მაისურით მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა, რომელიც მან რუსეთის პრემიერლიგის გასულ ტურში ''ანჟისთან'' შეასრულა.

ანანიძის უთამაშებლობის მიზეზი ორი ფაქტორით აიხსნება.  გასული სეზონიდან მოყოლებული ტრავმა აწუხებდა, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი ოლეგ კონონოვი არ ენდობოდა.

G ჯგუფში ''სპარტაკი'' 5 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგას დაემშვიდობა. ამავე ჯგუფში ''ვილიარელმა'' და ვენის ''რაპიდმა'' 10-10 ქულა მოიპოვეს, ხოლო გლაზგოს ''რეინჯერსის'' ანგარიშზე 6 ქულაა.

ანანიძემ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი შეხვედრა ''ვილიარეალთან'' ჩაატარა.

ევროპა ლიგის E ჯგუფის მე-6 ტურში ლისაბონის ''სპორტინგმა'' შინ ''ჟოზე ალვალადეზე'' 3:0 დაამარცხა უკრაინული ''ვორსკლა,'' რომელსაც ქართველი ფეხბურთელები, სანდრო კობახიძე და ანდრო გიორგაძე ვერ ეხმარებიან.

კობახიძე ტრავმირებულია და ვარჯიშს 2019 წლის იანვარში განაახლებს, ხოლო გიორგაძე გუნდს ლისაბონში გაყვა, მატჩისწინა ვარჯიშშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სხეულის მაღალი ტემპერატურის გამო სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა.

ჯგუფურ ეტაპზე კობახიძემ ერთადერთი მატჩი ''ემირეითსზე'' ლონდონის ''არსენალთან'' ჩაატარა, ხოლო გიორგაძის დებიუტი ევროპა ლიგაზე არ შედგა.

E ჯგუფში ''არსენალმა'' 16 ქულა დააგროვა, ''სპორტინგმა'' - 13, ''ვორსკლამ'' და ''ყარაბაღმა'' კი 3-3.

ანდრო გიორგაძე ''ჟოზე ალვალადეზე''

ფოტო: spartak.com, vorskla.com.ua

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები