შოთა არველაძე: ''არასასიამოვნო პერიოდის მიუხედავად ''აიაქსი'' ჩემს გულში დარჩა''
Aa
Aa

შოთა არველაძე: ''არასასიამოვნო პერიოდის მიუხედავად ''აიაქსი'' ჩემს გულში დარჩა''

ერთხელ მას ლუის ვან გაალმა მარკო ვან ბასტენის შემდეგ საუკეთესო ფორვარდი და იდეალური გუნდის თავდამსხმელი უწოდა. შოთა არველაძემ, რომელიც ამჟამად უზბეკეთში სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული, ''აიაქსის'' 124 შეხვედრაში 72 გოლი შეაგდო, ხოლო ''ალკმარის'' რიგებში 89 მატჩში 48 გოლი გაიტანა.

ქართველი საფეხბურთო სპეციალისტი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი elfvoetbal-თან ინტერვიუში ''აიაქსში'' გატარებულ პერიოდს იხსენებს.

''აიაქსში'' მოსვლისას ყველასთვის უცნობი ფეხბურთელი ვიყავი. ინტერნეტით ჩემს შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო. ბიჭებმა არ იცოდნენ ვინ ვიყავი მე, თუმცა მალევე მარტინ რიოსერმა ზედმეტსახელად მისტერ ბინი მიწოდა. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო მისტერ ბინი ვიდრე ტელევიზიით ვნახავდი მას. როდესაც მისტერ ბინი ტელევიზორში ვნახე და ჩემთან შედარება გავაკეთე, ბევრი ვიცინე. მოგვიანებით კიდევ ერთი მეტსახელი შემარქვეს: Showtime Arveladze. ეს უკვე ჩემს თამაშს უკავშირდებოდა.''

ინტერვიუში არველაძე ''აიაქსის'' ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, ბობი ჰარმსსა და კლუბის ყოფილ თანამშრომელს, სეიაკ ვოლფსს იხსენებს. მისი თქმით აღნიშნული პიროვნებები გუნდის ერთგულები იყვნენ: ''როცა მცირე იმედგაცრუებას ვგრძნობდი, მათთან რჩევისთვის და გამხნევებისთვის მივდიოდი ხოლმე. მათი გარდაცვალების შემდეგ მათ საფლავებზე ვიყავი. ისინი ბრწყინვალე ადამიანები იყვნენ.''

1997 წელს ჰოლანდიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში ირიცხებოდნენ ფეხბურთელები, რომლებიც შემდგომში ყველასთვის ცნობილი სახეები გახდნენ.

''აიაქსში'' თამაში მშვენიერი იყო. იქ იყვნენ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კრისტიან კივუ, რაფაელ ვან დერ ვაარტი, ჯონ ჰეიტინგა და ვესლი სნეიდერი. მე ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელთან ერთად ვითამაშე, თუმცა მათთვის განსაკუთრებული იყო ჩემთან ერთად ასპარეზობა, ჰა-ჰა-ჰა.''

დამშვიდობება

''ბევრი შემაფერხებელი ფაქტორი იყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ გადასახადებს ვმალავდი. ეს არ იყო კარგი პერიოდი. მე კლუბთან ჯერ კიდევ კონტრაქტი მაკავშირებდა, მაგრამ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე არავინ საუბრობდა. მცირე ხანში ''აიაქსიდან'' ''რეინჯერსში'' გადავედი.

ბოლო პერიოდის მიუხედავად ''აიაქსი'' ჩემს გულში დარჩა. ჩემთვის ოცნება ახდა, როცა ''აიაქსის'' ფეხბურთელი გავხდი. ''რეინჯერსში'' გატარებული ოთხწლიანი პერიოდის შემდეგ ''აიაქსში'' დაბრუნების შანსი მქონდა, თუმცა საბოლოოდ კლუბმა ჩემს ნაცვლად მარკუს როზენბერგი დაიმატა, რაც ჩემთვის სამწუხარო იყო.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები