ქართველები პირინეიზე - ანანიძის შანსი ევროპა ლიგაზე
Aa
Aa

ქართველები პირინეიზე - ანანიძის შანსი ევროპა ლიგაზე

ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრები გაიმართება. G ჯგუფში ოთხივე გუნდი ინარჩუნებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს. მოსკოვის ''სპარტაკი,'' რომლის ანგარიშზე 5 ქულაა, სტუმრად ''ვილიარეალს'' შეხვდება. რუსულ კლუბთან ერთად ესპანეთში ჯანო ანანიძე იმყოფება, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგის გასულ ტურში საგოლე პასი შეასრულა.

ანანიძემ ''ვილიარეალის'' სტადიონ ''სერამიკაზე'' მატჩისწინა ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. შესაძლოა ქართველმა ნახევარმცველმა ესპანური გუნდის წინააღმდეგ ითამაშოს.

G ჯგუფში ''ვილიარეალისა'' და ვენის ''რაპიდის'' ანგარიშზე 7-7 ქულაა. ''რეინჯერსი'' 6 ქულით მესამე ადგილს იკავებს. გასულ ხუთ ტურში ''სპარტაკმა'' 5 ქულა დააგროვა. გამარჯვების შემთხვევაში ''სპარტაკი'' ''ვილიარეალს'' გაასწრებს და შესაძლოა ევროპა ლიგაზე ასპარეზობა გააგრძელოს.

''ვილიარეალისა'' და ''სპარტაკის'' შეხვედრა თბილისის დროით 21 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.

პირინეის ნახევარკუნძულზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, ანდრო გიორგაძის ''ვორსკლა'' იმყოფება. უკრაინული გუნდი, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგული აქვს, მე-6 ტურში ''ჟოზე ალვარადეზე'' ლისაბონის ''სპორტინგს'' შეხვდება. 22 წლის ქართველი ცენტრალური მცველი ''ვორსკლასთან'' ერთად პორტუგალიაშია და გუნდთან ერთად ''სპორტინგის'' სტადიონზე ივარჯიშა.

გიორგაძის თანაგუნდელი სანდრო კობახიძე ტრავმირებულია. ქართველი ნახევარმცველი მოედანს 2019 წლის იანვარში დაუბრუნდება. ტრავმის გამო კობახიძემ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა.

ანდრო გიორგაძეს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არ უთამაშია, თუმცა ''არსენალთან'' გასვლით შეხვედრაში და ''ყარაბაღთან'' საშინაო მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ასევე აღსანიშნავია, რომ გიორგაძემ უკრაინის პრემიერლიგის გასულ ტურში ოდესის ''ჩერნომორეცის'' წინააღმდეგ 90 წუთი იასპარეზა, თუმცა დღევანდელ მატჩს გამოტოვებს. გიორგაძემ crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, რომ სხეულის მაღალი ტემპერატურის გამო ''სპორტინგთან'' ვერ ითამაშებს.

E ჯგუფში ლონდონის ''არსენალი'' 13 ქულით პირველ ადგილზეა, ''სპორტინგის'' ანგარიშზე 10 ქულაა, ხოლო ''ვორსკლა'' და ''ყარაბაღი'' 3-3 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იკავებენ.

ლისაბონის ''სპორტინგისა'' და ''ვორსკლას'' დაპირისპირება თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ფოტო:  spartak.com, vorskla.com.ua

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები