ხოჭოლავას ''შახტარი'' ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა
Aa
Aa

ხოჭოლავას ''შახტარი'' ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ''შახტარისა'' და ''ლიონის'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. საფეხბურთო დაპირისპირება კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა.

დონეცკური კლუბის სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა მოხვდა. 25 წლის მოთამაშემ პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა, შესვენების შემდეგ კი შეცვალეს.

პაულო ფონსეკას გუნდმა პირველი ტაიმი ჟუნიორ მორაეშის გოლით მოიგო. გამარჯვების შემთხვევაში ''შახტარი'' მეორე ადგილზე გავიდოდა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გააგრძელებდა, თუმცა ფრანგულმა კლუბმა 65-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. ნაბილ ფეკირის გოლით ''ლიონმა'' შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

F ჯგუფში ''მანჩესტერ სიტი'' 13 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ''ლიონმა'' 8 ქულა დააგროვა, ''შახტარმა'' - 5, ''ჰოფენჰაიმმა'' კი მხოლოდ - 3.

''შახტარი'' მესამე ადგილზე გასვლით ევროპა ლიგაზე გადაერთვება და ტურნირზე 1/16-ფინალური ეტაპიდან ითამაშებს.

დავით ხოჭოლავამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 3 მატჩი ჩაატარა.

ფოტო: shakhtar.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები