Aa
Aa

"დეტროიტში" პრობლემებია! "პისტონსის" მიჯრით მეექვსე მარცხი

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტს“ სერიოზული ჩავარდნა აქვს. „პისტონსი“ გამარჯვების მოპოვებას ვერა და ვერ ახერხებს და სიტუაცია არც სტუმრად, „შარლოტას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შეცვლილა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მატჩის დასრულებამდე 0.3 წამით ადრე ჯერემი ლემბმა ორქულიანი ჩააგდო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. მომდევნო შეტევაში „ჰორნეთსს“ პარკეტზე ზედმეტი მოთამაშე ჰყავდა ამიტომ „დეტროიტს“ ტექნიკური ჯარიმის სროლის შანსი მიეცა. „პისტონსმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა სასურველი შედეგის დაფიქსირება ვერ მოახერხა და 108-107 დამარცხდა.

ტრადიციულად ზაზა ფაჩულია მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 16 წუთი გაატარა და გუნდს 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ზაზამ 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე „ჰორნეთსის“ გამთამაშებელი, კემბა უოკერი, გახდა. 28 წლის კალათბურთელმა აქტივში 31 ქულა, 8 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ტონი პარკერმა გუნდს 16 ქულა შესძინა, ხოლო ჯერემი ლემბი 13 ქულით გამოირჩა.

„პისტონსს“ 26 ქულითა და 10 მოხსნით ბლეიკ გრიფინმა ულიდერა. რეჯი ჯექსონმა მატჩი 18 ქულით დაასრულა. ლენგსტონ გალოუეიმ კი 17 ქულა დააგროვა.

„დეტროიტისთვის“ აღნიშნული მარცხი მიჯრით მეექვსე აღმოჩნდა. „პისტონსი“ 13 მოგებითა და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები