Aa
Aa

ფაჩულიას მორიგი ბინძური თამაში, თუმცა... რატომ ერჩიან მხოლოდ ზაზას?

„დეტროიტ პისტონსმა“ „ფილადელფიასთან“ სტუმრად 102:116 დათმო და ლიგაში ზედიზედ მე-5 მარცხი განიცადა.

ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ხსენებულ შეხვედრაში 6 ქულა, 4 მოხსნა, 3 გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, თავი კიდევ ერთი რამით „გამოიჩინა“, რამაც საკალათბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

შეხვედრის პირველ მეოთხედში სათამაშო ეპიზოდის დროს ზაზა მაიკლ მუსკალას ბურთის სროლის დროს დაეჯახა, რის შემდეგაც მეტოქეს ფეხი დაუზიანდა.

მართალია მუსკალას საბოლოოდ ტრავმა არ მიუღია, თუმცა ეს ეპიზოდი ძალიან გავდა 2017 წლის დასავლეთ კონფერენციის ფინალის დროს ფაჩულიასა და კავაი ლეონარდის ინციდენტს, როდესაც „სფურსის“ ლიდერმა სერიოზული დაზიანება მიიღო და თამაში ვეღარ განაგრძო.

ახალი ამბავი არ არის, რომ ფაჩულიას ლიგაში ეგრეთწოდებული „ბინძური მოთამაშის“ სახელით იცნობენ.

სროლის დროს მეტოქის წინააღმდეგ ფეხით ეგრეთწოდებული “close-out”-ი - ამ მოძრაობას ამერიკელმა ქომაგებმა ზაზა ფაჩულიას სახელიც კი უწოდეს.

ფაჩულიას სათამაშო სტილი, რომ ნამდვილად ხისტია ამაზე საუბარიც არ ღირს და არც ზაზას ადვოკატობასაც აპირებს ვინმე, თუმცა საინტერესო აქ სხვა რამ არის...

ეგრეთწოდებულ “close-out”-ს NBA-ს სხვა მოთამაშეებიც იყენებენ, მაგალითად „სან ანტონიოს“ ვარსკვლავი ლამარკუს ოლდრიჯი, რომელმაც გასულ სეზონში ზუსტად ეს მოძრაობა კევინ დურანტის წინააღმდეგ შეასრულა.

 

ოლდრიჯს „close-out”-ი წლევანდელ სეზონშიც ჰქონდა. ლამარკუსმა ბრენდონ ინგრემი არ დაინდო, თუმცა მის მიმართ პრესაში აჟიოტაჟი არ ატეხილა და არც ათასობით ქომაგს არ უგინებია სოციალური ქსელიდან.


 

ეგრეთწოდებული „ბინძური მოთამაშეები“ NBA-ში ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. არამარტო კალათბურთში, სპორტის სხვა სახეობებშიც ასეთი სტილის მოთამაშეები არსებობენ და ეს სპორტის შემადგენელი ნაწილი გახლავთ. მაგალითად, ფეხბურთში დიეგო კოშტას გახსენებაც საკმარისია. ბრაზილიელი ფორვარდი მეტოქე გუნდის მცველებს უბრალოდ არ ინდობს, თუმცა მსაჯები მის ყველა დანაშაულს ვერ აფიქსირებენ.

ფაჩულიას გამართლებასა და ანგელოზად გამოყვანას არავინ აპირებს, უბრალოდ შერჩევითი სამართალი ნამდვილად გულისამრევი რამ გახლავთ და ამერიკულ პრესაში, ისევე როგორც მილიონობით ქომაგში სწორედ ამას აქვს ადგილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები