ფლოიდ მეივეზერი ამირ ხანის კრიტიკას გამოეხმაურა
Aa
Aa

ფლოიდ მეივეზერი ამირ ხანის კრიტიკას გამოეხმაურა

ტენშინ ნასუკავასთან გასამართი ორთაბრძოლის წინ ფლოიდ მეივეზერი ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გააკრიტიკა, რომელთა შორის ამირ ხანიც იყო. ამ უკანასკნელის აზრით „მანიმ“ საშინელი გადაწყვეტილება მიიღო და იგი თავისი ქმედებებით თანამედროვე კრივს დიდ ზიანს აყენებს.

მეივეზერის პასუხმა არ დააყოვნა. ფლოიდი ამირ ხანის კრიტიკას ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა და განაცხადა: „მიაღწიეთ იმას, რასაც ფლოიდ მეივეზერმა მიაღწია! მოხსენით იმდენი რეკორდი, რამდენიც ფლოიდ მეივეზერმა მოხსნა და ჩემზე მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბრეთ. ყველამ იცის, რომ კრივში ჩემზე წარმატებული კარიერა არავის ჰქონია“.

„ამირ ხანის მსგავსი მოკრივეები რინგზე გამოდიან და ერთი ორთაბრძოლის სანაცვლოდ 2 ან 3 მილიონს იღებენ. რიგითი სპარინგისას ამ თანხაზე გაცილებით მეტს გამოვიმუშავებ“.

„ყველამ ნახა კანელოსთან ორთაბრძოლაში ამირ ხანს რა მოუვიდა. რამდენიმე რაუნდის შემდეგ მან გონება დაკარგა და რინგზე დაეცა. მეორეს მხრივ მე როცა ალვარესის წინააღმდეგ გამოვედი „მოხუცი კაცი“ ვიყავი. მიუხედავად ამისა კარიერაში ყველაზე იოლი გამარჯვება მოვიპოვე“.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდმა ალვარესი მსაჯების გადაწყვეტილებით, 2013 წელს სძლია, ხოლო ამირ ხანი მექსიკელთან ნოკაუტით დამარცხდა.

ცხელი ამბები