Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

ჰიუსტონი - პორტლენდი 111 – 103

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სამი შეხვედრა გაიმართა. ტური ტეხასში გაიხსნა, სადაც „ჰიუსტონმა“ „პორტლენდს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა.

ტეხასელებს ტრადიციულად ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა, რომელმაც გუნდს 29 ქულა შესძინა. კრის პოლმა სამმაგი დუბლი გაიფორმა - 11 ქულა, 11 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა. ძირითად შემადგენლობაში გამწესებულმა ერიკ გორდონმა აქტივში 14 ქულა ჩაიწერა. ჯერალდ გრინმა კი შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

„პორტლენდს“ 34 ქულით დემიენ ლილარდმა ულიდერა. სი ჯეი მაკკალუმმა თავი 22 ქულას მოუყარა. ხოლო იუსუფ ნურკიჩი 15 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა.

სან ანტონიო - ფინიქსი 111 – 86

გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიომ“ მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა და ამჯერად საკუთარ კედლებში დასავლეთ კონფერენციის აშკარა აუთსაიდერი, „ფინიქს სანსი“ დაამარცხა.

ტეხასელებს არიზონელების წინააღმდეგობის დაძლევა არ გასჭირვებიათ და მეტოქეს ყველა მეოთხედში აჯობეს.

„სპურსს“ 24 ქულით ბრინ ფორბსმა ულიდერა. ლამარკუს ოლდრიჯმა თავი 18 ქულას მოუყარა. რუდი გეი 13 ქულით გამოირჩა. დანტე კანინგემი კი 14 ქულას დასჯერდა.

„ფინიქსის“ მხრიდან 10 ქულიანი ნიშნული მხოლოდ და მხოლოდ სამმა კალათბურთელმა გადალახა. ტი ჯეი უორენმა მატჩი 23 ქულით დაასრულა. დეანტონი მელტონმა აქტივში 17 ქულა ჩაიწერა, ხოლო დეანდრე ეიტონი ორმაგი დუბლით გამოირჩა - 12 ქულა, 11 მოხსნა.

კლიპერსი - ტორონტო 99 – 123

დღევანდელი ტურის დასკვნითი მატჩი ლოს-ანჯელესში შედგა, სადაც „კლიპერსი“ „ტორონტოსთან“ განადგურდა. აღსანიშნავია, რომ კანადელები კავაი ლეონარდის გარეშე ასპარეზობდნენ, თუმცა სასურველი შედეგის დაფიქსირება მაინც მოახერხეს.

„რეპტორსის“ რიგებში 10 ქულიანი ნიშნული ერთბაშად 6-მა კალათბურთელმა გადალახა, საუკეთესო კი 25 ქულით სერჟ იბაკა გახლდათ. კაილ ლოურიმ აქტივში 21 ქულა ჩაიწერა, ხოლო იონას ვალანჩუნასმა მატჩი 16 ქულით დაასრულა.

„კლიპერსს“ 18 ქულით ბობან მარიანოვიჩმა ულიდერა. დანილო გალინარიმ 11 ქულა დააგროვა, ხოლო ტობაიას ჰერისი 10 ქულით გამოირჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები