ვინ იქნება ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე? ედი ჰირნს უაილდერი სურს
Aa
Aa

ვინ იქნება ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე? ედი ჰირნს უაილდერი სურს

დღესდღეობით კრივის მძიმეწონით კატეგორიაში საკმაოდ უცნაური სიტუაციაა. უაილდერისა და ფიურის ორთაბრძოლამდე გულშემატკივრებს ენტონი ჯოშუასა და დეონტეის დაპირისპირების ხილვა სურდათ, თუმცა ბოლო პერიოდში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

უაილდერისა და ფიურის ჯახი იმდენად სანახაობრივი გამოდგა და თანაც ისეთი შედეგით დასრულდა, რომ ქომაგები მატჩრევანშის გამართვას ითხოვენ. რაც შეეხება ენტონი ჯოშუას, ამ უკანასკნელის მეტოქის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდები ვრცელდება.

ბრიტანული გამოცემების ცნობით ენტონი დილიან უაითისა და დერეკ ჩისორას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღნიშნული ორთაბრძოლა 22 დეკემბერს ჩატარდება და მატჩს თავად ჯოშუაც დაესწრება. შეგახსენებთ, რომ დაუმარცხებელი ბრიტანელი რინგზე 13 აპრილს ბრუნდება. საკითხავი მხოლოდ ისაა მისი მეტოქე ვინ იქნება.

ენტონის სამომავლო გეგმების შესახებ მისმა პრომოუტერმა, ედი ჰირნმა, ისაუბრა: „უაილდერს კრივის ისტორიაში შესვლა უნდა, მაგრამ მიზნის მისაღწევად ერთი ვერსიით მსოფლიო ჩემპიონობა საკმარისი ნამდვილად არაა. ენტონი ჯოშუა მძიმეწონით კატეგორიაში არსებული ქამრების 75 პროცენტს ფლობს და ჩვენ დარჩენი 25 პროცენტიც გვინდა. თუ უაილდერს ღირსეული მემკვიდრეობის დატოვება სურს რინგზე ჯოშუას წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს. შემდეგ კი შეუძლია ფიურის დაუპირისპირდეს“.

„მომდევნო დღეებში ბევრი რამ გადაწყდება. შესაძლოა უაილდერმა ტაისონთან ორთაბრძოლაზე თანხმობა მალევე განაცხადოს. ასე რომ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით“.

ცხელი ამბები