მიჯრით მეოთხე! ზაზა ფაჩულიას
Aa
Aa

მიჯრით მეოთხე! ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" კვლავ დამარცხდა

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტის“ წარუმატებელი სერია გრძელდება. გამთენიისას „პისტონსმა“ საკუთარ კედლებში „ნიუ ორლეან პელიკანსი“ მიიღო და ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია.

ენტონი დევისის გუნდმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და მეტოქეს სხვაობის შემცირების შანსი მატჩის დასრულებამდე არ მისცა. „პელიკანსმა“ წლევანდელ სეზონში მიჯრით ორი გასვლითი შეხვედრა პირველად მოიგო და დეტროიტელებს 116-108 სძლია.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 10 წუთი გაატარა და აქტივში 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ნიუ ორლეანის“ გამთამაშებელი, ჯრუ ჰოლიდეი გახდა. ამ უკანასკნელმა 37 ქულა დააგროვა და 5 მოხსნასთან ერთად 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ჯულიუს რენდელმა თავი 28 ქულას მოუყარა. რაც შეეხება ენტონი დევისს, 25 წლის ცენტრს თამაში არ წაუვიდა და მხოლოდ და მხოლოდ 6 ქულას დასჯერდა.

„დეტროიტის“ რიგებში 35 ქულით ბლეიკ გრიფინი გამოირჩა. ანდრე დრამონდმა გუნდს 23 ქულასთან ერთად 19 მოხსნა შესძინა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ლენგსტონ გალოუეიმ კი შეხვედრა 24 ქულით დაასრულა.

„პისტონსს“ 13 მოგებასთან ერთად 11 მარცხი აქვს და ამ მაჩვენებლით აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში ზაზა ფაჩულიას გუნდი სტუმრად, „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები