სატრანსფერო ზონა: ჩაკვეტაძე, კეინი და სხვები - ყველაზე მოსალოდნელი გარიგებები
Aa
Aa

სატრანსფერო ზონა: ჩაკვეტაძე, კეინი და სხვები - ყველაზე მოსალოდნელი გარიგებები

ესპანური გამოცემა Mundo უახლოესი ორი სატრანსფერო ფანჯრისას ყველაზე მოსალოდნელი ტრანსფერების შესახებ წერს.

ესპანური გამოცემა უამრავი ფეხბურთელის შესახებ წერს, სიაში არიან ცნობილებიც და ნაკლებად ცნობილებიც.

თქვენს ყურადღებას ქართველი ქომაგებისთვის საინტერესო გვარებზე შევაჩერებთ.

Mundo წერს გიორგი ჩაკვეტაძის შესახებაც, რომლის შეძენითაც იტალიური "რომა" ინტერესდება

***

მონჩის ჩაკვეტაძე მოსწონს - Il Messaggero-მ ხუთშაბათს გამოაქვეყნა სტატია სადაც ვკითხულობ გიორგი ჩაკვეტაძისადმი "რომას" ინტერესის შესახებ.

გამოცემა წერს, რომ ქართველი ტალანტის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს რომაელთა სპორტული დირექტორი მონჩი იჩენს.

ესპანელი მონჩი ცნობილია ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენითა და შემდეგ მათი სარფიანად გაყიდვით.

"სევილიაში" მუშაობის პერიოდში მან მიზერულ თანხად არაერთი მოთამაშე შეიძინა და შემდეგ ანდალუსიელთა ლიდერად აქცია, რასაც "ბარსელონასა", ან "რეალის" დაინტერესება მოჰყვა.

ჩაკვეტაძემ მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ერთა ლიგაზე ისტორიული პირველი და ულამაზესი გოლი გაიტანა.

ესპანური Mundo ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე პროგნოზირებადს უწოდებს.

როგორც ცნობილია, ქართველი შემტევით "ტოტენჰემი", "დორტმუნდი",  "ბარსელონა", "ბაიერნი" და "ბორნმუთიც" ინტერესდებიან.

ჩაკვეტაძეს "გენტთან" არსებული კონტრაქტი 2020 წელს ეწურება.

***

რაც შეეხება სხვა სახელებს, ვარსკვლავებს რომლებიც თავიანთი ამჟამინდელი კლუბების შეცვლასთან ახლოს არიან.

Mundo წერს, რომ იანვარში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ზაფხულში "ბარსა" ლუის სუარესის შემცვლელს დაიმატებს და საამისოდ საკმაოდ დიდ თანხასაც გამოყოფს.

Daily Star-ის ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემის" 25 წლის ინგლისელი ფორვარდი ჰარი კეინი კატალონიელთა ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა და შესაძლოა მის სანაცვლოდ 200 მილიონი ფუნტიც გადაიხადონ.

მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა საამისოდ ნიადაგი უკვე მზადაა და როგორც ისტორია გვეუბნება, "ბარსას" ფორვარდებისთვის ფული არასდროს ენანებოდა.

"ბარსას" სიაში კეინი პირველ ადგილს იკავებს. ინგლისელის გარდა კატალონიელებს მბაპე, გრიზმანი და "ევერტონის" ბრაზილიელი ფორვარდი რიშარლისონიც აინტერესებთ.

აქვე გეტყვით, რომ კეინის შეძენით მადრიდის "რეალიც" არის დაინტერესებული. ბრიტანული პრესა ეჭვობს, რომ "ტოტენჰემში" კეინისთვის ეს ბოლო სეზონი იქნება.

***

ლონდონის "არსენალი" მესუთ იოზილის გასაშვებად ემზადება. "მეთოფეები" მზად არიან იანვარში გერმანელი გამთამაშებელი 28 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმონ.

იოზილის შეძენის ერთადერთი მსურველი ამ ეტაპზე მილანის "ინტერია".

მესუთს უნაი ემერისთან არც ისე სახარბიელო ურთიერთობა აქვს და ბოლო პერიოდში განაცხადშიც ვერ ხვდება.

საკმაოდ დიდი ალბათობით იოზილი ზამთარში "არსენალს" დატოვებს.

***

სესკ ფაბრეგასმა "ჩელსის" დატოვება გადაწყვიტა და სავარაუდოა, რომ ესპანელი პრემიერლიგას იანვარში დაემშვიდობება.

ფაბრეგასს ყველაზე მეტად "მილანს" უკავშირებენ, რომელსაც იანვრისთვის დიდი სატრანსფერო გეგმები აქვს.

"როსონერის" გენერალური დირექტორი ივან გაზიდისი მიიჩნევს, რომ ფაბრეგასი ერთადერთი ესპანელი არ არის, რომლითაც "მილანი" ინტერესდება.

იტალიელები "ბარსას" შემტევი ნახევარმცველის დენის სუარესის დამატებაზე სერიოზულად ფიქრობენ.

ერნესტო ვალვერდე მას მცირე სათამაშო დროს აძლევს, რის გამოც დენისი "ბლაუგრანას" დატოვებას გეგმავს.

საინტერესოა რა არჩევანს გააკეთებს "მილანი" - ფაბრეგასი, სუარესი, ან იქნებ ორივე ერთად?..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები