Aa
Aa

"დინამო არენადან" "კამპ ნოუმდე" - მესის უნიკალური შედეგი და მორიგი რეკორდი

ლა ლიგის მე-15 ტურში "ბარსელონამ" კატალონიურ დერბიში "ესპანიოლი" 4:0 გაანადგურა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა.

შეხვედრის მთავარი მოქმედი პირი ლეო მესი გახდა, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და დუბლის შესრულება ორი საჯარიმო დარტყმით შეძლო.

მესიმ ასეთი რამ 2015 წელს თბილისში "სევილიას" წინააღმდეგ უეფას სუპერ თასზე გააკეთა.


 

ორი ერთმანეთზე ლამაზი ჯარიმა და უშანსოდ დარჩენილი დიეგო ლოპესი.


 

აღსანიშნავია, რომ დიეგო ლოპესის კარში ერთ შეხვედრაში 2 ჯარიმა კრიშტიანუ რონალდუსაც აქვს გატანილი. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ეს "რეალისა" "ვილიარეალის" შეხვედრაში გააკეთა.

  

ამ დუბლის შემდეგ მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. არგენტინელი ათიანი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ლა ლიგაში ზედიზედ 13 სეზონის მანძილზე მინიმუმ 10 გოლი გაიტანა.

2018 წელს მესისთვის ეს მე-9 ჯარიმა გახლავთ და ის ამ მაჩვენებლით ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის ყველა კლუბსა და ფეხბურთელს უსწრებს.

სპორტული სტატისტიკის მწარმოებელი კომპანია Opta-ს ცნობით, ლა ლიგაში მესიმ 2014 წლიდან დღემდე ჯარიმიდან 19 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ლეოსთან ყველაზე ახლოს "იუვენტუსია" (18 გოლი), თუმცა ტურინელთა რიგებში ეს შედეგი ექვსმა სხვადასხვა მოთამაშემ დააფიქსირა - დიბალა (8), პიანიჩი (4), პირლო (3), ტევესი, პოგბა, ბერნარდესკი (1).

2014 წლიდან "ბარსამ" სულ 24 ჯარიმის გატანა შეძლო, აქედან 19 მესის ანგარიშზეა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ შემდეგ მოდის "იუვენტუსი" 18 ჯარიმით, "ლიონი", "რომა" და "რეალი" - 14, "ბაიერნი" - 13.

კატალონიური დერბის შემდეგ მესიმ კომენტარი გააკეთა და თავის ჯარიმებზე ისაუბრა:

"ჯარიმის შესრულებისას ვცდილობ რიტუალი დავიცვა. თუ, ჯარიმა გამაქვს, შემდეგ ვცდილობ ის გავიმეორო.

ორივე შემთხვევაში ყველაფერი სწორად შევასრულე. ზოგჯერ ეს გამომდის, ზოგჯერ არა. ბედნიერი ვარ, რომ გატანა შევძელი, თუმცა მთავარი გუნდის გამარჯვებაა.

იმაზე ნამდვილად არ მიფიქრია, რომ საჯარიმოდან ჰეთ-თრიკი შემესრულებინა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი სატურნირო ცხრილში "სევილიასა" და "ატლეტიკოს" ჩამოტოვება გახლავთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები