‘ლოკომოტივმა’ იტალიაში პირველი ბონუსით მოიგო!
Aa
Aa

‘ლოკომოტივმა’ იტალიაში პირველი ბონუსით მოიგო!

იტალიაში „კონტინენტის ფარზე“ ორრაუნდიან ტურნეში მყოფმა თბილისის ‘ლოკომოტივმა’ პირველი თამაში ‘ფიამე ოროსთან’ , ბონუსით მოიგო!

 „ჩელენჯ ქაფის“ შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩს, საქართველოს მრავალგზის და მოქმედი ჩემპიონი რომში მართავდა და კონკრეტული მიზანი ჰქონდა - მოგება და მინიმუმ 4 ლელოს გატანა, რათა სამგუნდიან ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი შეენარჩუნებინა.

 თბილისელებმა თამაში თამამად დაიწყეს, მეტოქე ძალისმიერ თამაშში თავიდანვე დაჩაგრეს, ფაზები აკინძეს, ყველა მიძალებაზე უპირატესობის ხაზი გადაკვეთეს და ფარნავაზ გასვიანმა თანაგუნდელის დახმარებით ლელო გაიტანა, ხოლო ბექა წიკლაურმა გარდასახა - 7:0 მე-9 წუთზე. მასპინძლებმა მალევე გვიპასუხეს, მორკინალების დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა.

 ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის ფონზე, სტუმრებმა არაერთი სალელოვე შანსი შექმნეს, მაგრამ შესვენებამდე მათი რეალიზება ვერ მოახერხეს, აქეთ ჯარიმა მიიღეს და ტაიმი 7:10 დათმეს.

 მეორე ტაიმი წიკლაურის ჯარიმით დაიწყო და ანგარიში გათანაბრდა, თუმცა ‘ფიამე ორომ’ 52-ე წუთზე საკუთარი ნახევრიდან წამოწყებული კონტრ-შეტევა ლელოთი დაასრულა და ლიდერობა დაიბრუნა. 3 წუთში მასპინძლებმა ხელდახელ შეტევით მესამე ლელო გაიტანეს, ამჯერად გარდასახეს კიდეც და ‘ლოკომოტივი’ 10:22 ჩამორჩა.

 თბილისელები არ დანებდნენ, დასკვნით 20 წუთში ინიციატივა დაიბრუნეს და მატჩის ბედიც მოატრიალეს. ჩვენმა შერკინებამ მეტოქისა დაჯაბნა, დაცვამ გადაწყობა ვეღარ მოახერხა და რაქიდან მიღებული პირველივე ბურთი 66-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ლევან დარასელიამ დაამიწა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა.

 შეცვლებმა ამ თამაშში სრულად გაამართლა და მომდევნო ორი ლელოც მატჩში მარქაფიდან ჩართული მორაგბეების ანგარიშზეა. ცენტრში კარგი შეტევის შემდეგ, წიკლაურის გრძელი პასი გიორგი გედეხაურმა შეირგო და 73-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ დაგეგმილი ბონუსით მოგებისთვის, ‘ლოკომოტივს’ ნებისმიერ შემთხვევაში ლელო ჭირდებოდა.

 ‘ფიამე ორომ’ ორჯერ სცადა წინ გასვლა, მაგრამ ჯარიმები ვერ გაიტანა. გაწითლებულ დროზე იტალიელებმა საკუთარი 22-იდან ხელით სცადეს შეტევის წამოწყება, ბურთი დაკარგეს, ლევან ჭავჭავაძემ ხაზი გაჭრა, „დერეფანში“ დაახლოებით 25 მეტრი ირბინა და წიკლაურმაც გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 29:22.

 ‘ლოკომოტივმა’ „კონტინენტის ფარზე“ ისტორიული, პირველი გამარჯვება მოიპოვა, თანაც სასურველი ბონუსიც ჩაიწერა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. საქართველოს ჩემპიონი იტალიაში რჩება და 15 დეკემბერს, ჩვენი დროით 18 საათზე ჯგუფის ლიდერ ‘კალვიზანოს’ შეხვდება

ცხელი ამბები