კისლინგის აღიარება:
Aa
Aa

კისლინგის აღიარება: "ფეხბურთელობისას ნორმატივებს ჩემს მაგივრად მეუღლე აბარებდა"

ლევერკუზენის „ბაიერის“ ყოფილმა ფორვარდმა, შტეფან კისლინგმა კარიერის დასრულების შემდეგ, საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ აღიარა.

კისლინგის თქმით, იგი მოსამზადებელი შეკრებებისას ბოლომდე არ იხარჯებოდა და 100%-ით მზად თითქმის არასდროს იყო. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მან რამდენჯერმე შესაბამის პირებს მეუღლის მიერ ჩაბარებული ნორმატივები წარუდგინა.

მოსამზადებელი პერიოდისას, ვარჯიშებს ბოლომდე არასდროს ვასრულებდი, ეს ერთხელაც კი არ მომხდარა. სამედიცინო შტაბის წევრები სპეციალურ საათს გვაძლევდნენ, რომელიც ჩვენს გულის ცემას და სხვა მონაცემებს ითვლიდა.

ჩემი მეუღლე საკმაოდ ათლეტურია და ამ მხრივ ჩემზე გაცილებით უკეთესიც. რამდენჯერმე ეს საათი მას დავამაგრე, ივარჯიშა და შესაბამისი მონაცემები შტაბის წევრებს მივუტანე. შედეგებით ყველა კმაყოფილი დარჩა, მიხვედრით კი ვერავინ ვერაფერს მიხვდა“.

არაა გამორიცხული, რომ კისლინგს ამ აღიარების გამო გარკვეული სანქციებიც დაეკისროს და ფაქტია, იგი სამაგალითო სპორტსმენთა შორის ვერასდროს მოხვდება. შესაძლოა, სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმის, რომ თითქმის მთელი კარიერის ბუნდესლიგაში გამტარებელ და საკმაოდ ბევრი გოლის გამტან თავდამსხმელს, გერმანიის ნაკრების მაისურით თამაშის საშუალება მხოლოდ 6 შეხვედრაში მიეცა.

შტეფან კისლინგმა აქტიური სპორტული კარიერა მაისში დაასრულა. იგი 2006-2018 წლებში „ლევერკუზენის“ რიგებში თამაშობდა და კლუბის ლეგენდად იქცა. კისლინგს „ფარმაცევტების“ რიგებში ყველაზე მეტი - 439 მატჩი აქვს ჩატარებული, კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა შორის კი, 162 გოლით მეორე ადგილზეა.

იგი ლევერკუზენელთა სტრუქტურაში დასაქმდა და გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის ასისტენტი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები