Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

ბოსტონი - ნიუ იორკი 128 – 100

ნაციონალური საკალათბურთო ასოაციაციის მორიგმა ტურმა სენსაციების გარეშე ჩაიარა. პირველი შეხვედრა ბოსტონში შედგა, სადაც ჩემპიონობის ერთ-ერთმა ფავორიტმა, „სელტიკსმა“, აღმოსავლეთ კონფერენციის აუთსაიდერს უმასპინძლა.

„კელტებს“ „ნიუ იორკის“ წინააღმდეგობის დაძლევა არ გასჭირვებიათ და მეტოქეს ყველა მეოთხედში აჯობეს.

„ბოსტონმა“ წარმატებას გუნდური კალათბურთის ხარჯზე მიაღწია და 10 ქულიან ნიშნულს „კელტების“ ერთბაშად 7 მოთამაშე გადაცდა.

ბოსტონელებს 22 ქულით კაირი ირვინგმა ულიდერა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ჯეილენ ბრაუნმა აქტივში 21 ქულა ჩაიწერა, ხოლო ალ ჰორფორდმა მატჩი 19 ქულით დაასრულა.

„ნიუ იორკის“ მხრიდან ტიმ ჰარდაუეი ჯუნიორი გამოირჩა და 22 ქულა დააგროვა. ემანუელ მუდიეიმ 17 ქულა მიითვალა, ხოლო ენეს კანტერმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 14 ქულა, 11 მოხსნა.

პორტლენდი - ფინიქსი 108 - 86

„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა“ წარუმატებელი სერია შეწყვიტა და იგორ კოკოშკოვის გუნდი დაამარცხა. დემიენ ლილარდმა და კომპანიამ უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და აღნიშნული პერიოდი 34-9 მოიგო.

„ტრეილ ბლეიზერსს“ 25 ქულით სწორედ ლილარდმა ულიდერა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ჯეიკ ლეიმენმა აქტივში 24 ქულა ჩაიწერა. ზაკ კოლინსი კი 10 ქულით გამოირჩა.

„ფინიქსის“ რიგებში საუკეთესო ტროი დენიელსი გახლდათ. არიზონული გუნდის გამთამაშებელმა მატჩი 15 ქულით დაასრულა. დეანდრე ეიტონმა 11 ქულას მოუყარა თავი, ხოლო ჯოშ ჯექსონმა 14 ქულა დააგროვა.

იუტა - ჰიუსტონი 118 – 91

დღევანდელი ტურის ცენტრალური მატჩი უდავოდ „იუტასა“ და „ჰიუსტონის“ დაპირისპირება გახლდათ. „ჯაზმენების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რუდი გობერმა, საწყის 2 წუთში 2 ტექნიკური მიიღო და პარკეტის დატოვება მოუწია, თუმცა იუტელებმა წარმატების მიღწევა მაინც მოახერხეს.

„ჯაზის“ რიგებში საუკეთესო სათადარიგო სკამიდან შემოსული დერიკ ფეივორსი გახლდათ. ამ უკანასკნელმა აქტივში 24 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა. ჯო ინგლსმა გუნდს 18 ქულა შესძინა, ხოლო დანტე ექსამი 15 ქულით გამოირჩა.

ტეხასელებს 15 ქულით ჯეიმს ჰარდენმა „ულიდერა“. კრის პოლმა და კლინტ კაპელამ 12-12 ქულა მიითვალეს.  მაიკლ კარტერ-უილიამსმა კი გუნდს 13 ქულა შემატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები