პირველად 2007 წლის შემდეგ! - არც მესი, არც რონალდუ,
Aa
Aa

პირველად 2007 წლის შემდეგ! - არც მესი, არც რონალდუ, "ოქროს ბურთი" მოდრიჩისაა!

მადრიდის "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა France Football-ის ყოველწლიური ჯილდო - "ოქროს ბურთი" მიიღო. 2007 წლის შემდეგ, მოდრიჩი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეს წოდება მესისა და რონალდუს ეპოქაში დაისაკუთრა.

ხორვატიის ნაკრების ლიდერმა გამოკითხვაში კრიშტიანუ რონალდუსა და ანტუან გრიზმანს აჯობა, რითაც თავისი ქვეყნის პირველი "ოქროს ბურთის" მომგები წარმომადგენელი გახდა.

იგი დაჯილდოვების ცერემონიაზე მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად იმყოფებოდა, ასევე, მის კომპანიაში გახლდათ "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი.

"ოქროს ბურთის" ნომინანტთა ზედა ათეული ასე გამოიყურება: 1) ლუკა მოდრიჩი; 2) კრიშტიანუ რონალდუ; 3) ანტუან გრიზმანი; 4) კილიან მბაპე; 5) ლიონელ მესი; 6) მოჰამედ სალაჰი; 7) რაფაელ ვარანი; 8) ედენ აზარი; 9) კევინ დე ბრუინი; 10) ჰარი კეინი.

ლუკა მოდრიჩმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ფინალში ითამაშა, თანაც მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით ფიფას მიერ წლის საუკეთესო მოთამაშედ გამოცხადდა. 

2007 წელს "ოქროს ბურთი" კაკამ მიიღო, მას შემდეგ კი ამ ჯილდოს ლიონელ მესი ან კრიშტიანუ რონალდუ იგებდნენ, ორივე მათგანი France Football-მა 5-ჯერ გამოარჩია. აღნიშნული გამოცემა წლის საუკეთესო ფეხბურთელს 1956 წლიდან ასახელებს, მისი პირველი გამარჯვებული კი ლეგენდარული ინგლისელი, სტენლი მეტიუზი გახდა. გთავაზობთ 21-ე საუკუნეში "ოქროს ბურთის" მომგებთა სიას:

წელს დაემატა ახალი ნომინაცია, რომელიც სეზონის საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელს გამოავლენს და ლოგიკურია, რომ მისი პირველი გამარჯვებული, მუნდიალის ერთ-ერთი გმირი, კილიან მბაპე გახდა. მან მსოფლიო ჩემპიონატზეც იგივე წოდება მიიღო და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

თინეიჯერმა ფრანგმა 110 ხმა მიიღო, რაც კონკურენტებთან შედარებით ძალიან დიდი უპირატესობაა. მე-2 ადგილოსანმა, კრისტიან პულისიკმა 31 ხმა მიიღო, ჯასტინ კლუივერტმა კი - 18.

ასევე, წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდო ადა ჰეგერბერგმა დაიმსახურა. იგი "ლიონის" წევრია და კლუბთან ერთად გასულ სეზონში ქალთა ჩემპიონთა ლიგა და საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო. ჰეგერბერგი 2016 წელს ევროპის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დაასახელეს, "ოქროს ბურთი" კი კარიერაში პირველად მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები