Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

ტორონტო - გოლდენ სტეიტი 131 - 128

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქომაგებმა სამი შეხვედრა იხილეს. ტურის ცენტრალური მატჩი კანადაში შედგა, სადაც ადგილობრივმა „ტორონტომ“ NBA-ის მოქმედ ჩემპიონს, „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლა.

დაპირისპირებამ გაცემული ავანსები გაამართლა და სტადიონზე მისული გულშემატკივარი იმედგაცრუებული არ დაუტოვებია. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებული ოვერტაიმში გამოვლინდა. დამატებული ხუთწუთეული უკეთ „რეპტორსის“ კალათბურთლებმა ჩაატარეს და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგეს.

„ტორონტოს“ 37 ქულით კავაი ლეონარდმა ულიდერა. პასკალ სიაკამმა გუნდს 26 ქულა შესძინა. სერჟ იბაკა 20 ქულით გამოირჩა, ხოლო იონას ვალანჩუნასმა მატჩი 12 ქულით დაასრულა.

"უორიორსის" რიგებში კევინ დურანტმა სუპერმატჩი ჩაატარა და აქტივში 51 ქულა ჩაიწერა. კლეი ტომპსონმა 23 ქულა დააგროვა, ხოლო სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ჯერებკომ 20 ქულა მიითვალა.

ლეიკერსი - ინდიანა 104 – 96

ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსმა“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და „ინდიანა პეისერსი“ დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ვიქტორ ოლადიპოს, გარეშე ასპარეზობს და წარმატების მიღწევა ძალიან უჭირს.

„ლეიკერსს“ ტრადიციულად „მეფემ“ ულიდერა. ლებრონმა აქტივში 38 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ბრენდონ ინგრემი 14 ქულით გამოირჩა, ხოლო ჯოშ ჰარტმა კი გუნდს 13 ქულა შესძინა.

„ინდიანას“ მხრიდან საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ და შეხვედრა 20 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა. ბოიან ბოგდანოვიჩმა გუნდს 14 ქულა შესძინა, ტადეუს იანგმა კი 11 ქულა მიითვალა.

საკრამენტო - კლიპერსი 121 – 133

დოკ რივერსისი „კლიპერსი“ წარმატებულ სვლას განაგრძობს. ლოს-ანჯელესურმა გუნდმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ამჯერად სტუმრად, „საკრამენტო კინგსს“ სძლია.

„კლიპერსის“ რიგებში 28 ქულით საუკეთესო ტობაიას ჰერისი გახდა. მოტრეზლ ჰერელმა გუნდს 24 ქულა შესძინა. იტალიელი მსუბუქი ფორვარდი, დანილო გალინარი, კი 16 ქულით გამოირჩა.

„საკრამენტოს“ 26 ქულით ბოგდან ბოგდანოვიჩმა ულიდერა. მარვინ ბეგლიმ ორმაგი დუბლი გაიფორმა 18 ქულა, 10 მოხსნა. უილი კოლი-შტაინმა კი შეხვედრა 17 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები