მიკ შუმახერი კარიერას ფორმულა ორში გააგრძელებს
Aa
Aa

მიკ შუმახერი კარიერას ფორმულა ორში გააგრძელებს

მიხაელ შუმახერის 19 წლის შვილი, მიკი, სანუკვარ მიზანს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. გავრცელებული ინფორმაციით ლეგენდარული გერმანელის მემკვიდრე მომდევნო სეზონს ფორმულა ორში გაატარებს. შეგახსენებთ, რომ წელს მიკი "Prema powerteam" საჯინიბოს ღირსებას იცავდა. ეს უკანასკნელი შუმახერის მიღწევებით კმაყოფილი დარჩა და მისი დაწინაურების გადაწყვეტილება მიიღო.

ფორმულა სამში ყოფნისას მიკმა პირველი ადგილი 8-ჯერ დაიკავა და პოდიუმზე 14-ჯერ წარსდგა. ყველაფერთან ერთად შუმახერმა ევროპის ჩემპიონობა დაისაკუთრა და ამ ტიტულის წყალობით ფორმულა ერთში გამოსვლა ახლავე შეუძლია.

"Prema"-ს გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიკი მოკლე კომენტარით გამოეხმაურა და განაცხადა: "Prema" გუნდის მიმართ მადლიერებას სიტყვებით ვერ გამოვხატავ. ჩვენ ერთად ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიეთ და წლევანდელი სეზონი განსაკუთრებული გამოდგა. დიდი იმედი მაქვს მომავალშიც ყველაფერი ზუსტად ასე გაგრძელდება".

ცხელი ამბები