ლუკაკუს მშრალი სერია და კოშმარად ქცეული „ოცნებების თეატრი“
Aa
Aa

ლუკაკუს მშრალი სერია და კოშმარად ქცეული „ოცნებების თეატრი“

წლების მანძილზე „მანჩესტერის“ მშობლიური სტადიონი „წითელი ეშმაკების“ თავდამსხმელების საყვარელ ადგილად ითვლებოდა. „იუნაიტედის“ შემტევებს „ოლდ ტრაფორდზე“ გოლი გოლზე გაჰქონდათ და ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრების გახარებას რეგულარულად ახერხებდნენ.

სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და რა გასაოცარიც არ უნდა იყოს გამონაკლისი "იუნაიტედის" ბელგიელი შემტევი, რომელუ ლუკაკუ, აღმოჩნდა. 25 წლის ფეხბურთელს "ოცნებების თეატრზე" თავი ძალიან დიდი ხანია არ გამოუჩენია.

"ოლდ ტრაფორდზე" რომელუმ ბოლოს 31 მარტს შეაგდო... ამ მომენტის შემდეგ სპორტულ სამყაროში ძალიან ბევრი რამ მოხდა.

ლუის ჰემილტონმა ფორმულა ერთის 11 რბოლა მოიგო

31 მარტს, როდესაც ლუკაკუმ "სუონსის" კარი დალაშქრა, ფორმულა ერთის 2018 წლის სეზონის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რბოლა გახლდათ გამართული და ლუის ჰემილტონი გამარჯვების გარეშე იყო. ბრიტანელმა პილოტმა ამ მომენტის შემდეგ მონაწილეობა 20 რბოლაში მიიღო და პირველი ადგილი 11-ჯერ დაისაკუთრა. ყველაფერთან ერთად მან ჩემპიონობაც მოიპოვა.

 

ალექსის სანჩესმა ხელფასის სახით 12 მილიონი ფუნტი მიიღო

ალექსის სანჩესი ანაზღაურების სახით კვირაში 350 000 ფუნტ სტერლინგს იღებს. შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ლუკაკუს უგოლო სერიის მიმდინარეობისას ჩილელი დაახლოებით 12 მილიონი ფუნტით გამდიდრდა.

კილიან მბაპემ ოთხი თასი დაისაკუთრა

„პარის სენ-ჟერმენის“ შემტევი, კილიან მბაპე, თანამედროვე ფეხბურთის ამომავალი ვარსკლავია. 31 მარტის შემდეგ ეს უკანასკნელი საფრანგეთის ჩემპიონატის, ქვეყნის თასის, სუპერთასის და მუნდიალის ტრიუმფატორი გახდა.

12 გოლი ბელგიის ნაკრებში

31 მარტის შემდეგ ლუკაკუმ ბელგიის ნაკრების მაისურით მეტოქე გუნდების კარი 12-ჯერ აიღო. მართალია ოპონენტები მაღალი დონის გუნდები არ ყოფილან, მაგრამ ეს რიცხვი წლევანდელ სეზონში „იუნაიტედის“ რიგებში გატანილ გოლების რაოდენობაზე გაცილებით მეტია. რომელუმ “წითელი ეშმაკების“ მაისურით მხოლოდ და მხოლოდ 4 ბურთი შეაგდო და სექტემბრის შემდეგ არ გაუტანია.

"ოლდ ტრაფორდზე" თავი 21-მა ფეხბურთელმა გამოიჩინა

„მანჩესტერის“ მშობლიურ სტადიონზე 31 მარტის შემდეგ 29 გოლი გავიდა. მარუან ფელაინი 21-ე ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც „ოლდ ტრაფორდზე“ გოლის შეგდება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ 21-დან 12 მეტოქე გუნდის მოთამაშე გახლდათ.

„სიტიმ“ 83 გოლი შეაგდო

„იუნაიტედს“ საკმაოდ რთული პერიოდი აქვს. მოურინიოს გუნდს ქულების მოპოვება ძალიან უჭირს, რასაც მათ მოსისხლე მტერზე, „სიტიზე“, ნამდვილად ვერ ვიტყვით.

პეპ გუარდიოლას კოლექტივი შესანიშნავად გამოიყურება და 31 მარტის შემდეგ 83 გოლის გატანა მოახერხა.

„რეალმა“ სამი მწვრთნელი შეიცვალა

მაისში, „სამეფო კლუბმა“ ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ მესამედ შეძლო, თუმცა ზიდანის წასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

ხულენ ლოპეტეგმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და ახლა სანტიაგო სოლარის ჯერია.

გერმანია ორ ტურნირს გამოეთიშა

„ბუნდესმანშაფტი“ ცუდ ფორმაში იმყოფება. იოახიმ ლიოვის კოლექტივმა ქომაგებს იმედები ჯერ მუნდიალზე, ხოლო შემდეგ ერთა ლიგაზე გაუცრუა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები