ლევანდოვსკი 50-იანელთა კლუბს შეუერთდა!
Aa
Aa

ლევანდოვსკი 50-იანელთა კლუბს შეუერთდა!

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, მიუნხენში, "ალიანც არენა"-ზე, "ბაიერნმა" ლისაბონის "ბენფიკა" მიიღო და 5:1 გაანადგურა. რობენმა და ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალეს, ერთი ბურთი კი ფრანკ რიბერიმ შეაგდო.

"რეკორდმაისტერმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში თამაში გაინაღდა, თუმცა პირველი ადგილის ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა და ყველაფერს ამსტერდამში "აიაქსთან" გასამართი მატჩი გაარკვევს.

გუშინდელ მატჩში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც მიუნხენელთა პოლონელ ვარსკვლავ რობერტ ლევანდოვსკის ეხება. იგი მე-7 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 50 გოლის გატანა შეძლო.

პოლონელმა ამ ტურნირზე გატანილი გოლებით ტიერი ანრის გადაასწრო და ახლა 51 შედეგიანი დარტყმა აქვს. თანაც, ანრიმ 50 გოლი 112 შეხვედრაში გაიტანა, ლევანდოვსკი კი გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე 77-ედ თამაშობდა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც 121 გოლი მიითვალა, მეორეზე ლეო მესია (105), შემდეგ კი - რაული (71), კარიმ ბენზემა (59), რუუდ ვან ნისტელროი (56), რობერტო ლევანდოვსკი (51) და ტიერი ანრი (50) მოდიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები