ლიბერტადორესის თასის ფინალი გენუაში? - იტალიელთა საინტერესო ინიციატივა
Aa
Aa

ლიბერტადორესის თასის ფინალი გენუაში? - იტალიელთა საინტერესო ინიციატივა

ლიბერტადორესის თასის საპასუხო ფინალური შეხვედრა უკვე ორჯერ გადაიდო. „ბოკა ხუნიორსისა“ და „რივერ პლეიტის“ მტრობა საფეხბურთო საზღვრებს აშკარად გასცდა და მატჩის უსაფრთხოდ ჩატარება ახლა მთავარი ამოცანაა.

ასეთ დროს, იტალიის ქალაქ გენუას მუნიციპალიტეტმა საინტერესო ინიციატივა გამოთქვა და ფინალის „ლუიჯი ფერარისზე“ გამართვის სურვილი გამოამჟღავნა. ამის შესახებ გენუელებმა კლუბების პრეზიდენტებს ოფიციალური წერილით აცნობეს.

წერილში აღნიშნავენ, რომ გენუასა და ბუენოს აირესს შორის მჭიდრო ისტორიული და კულტურული კავშირია, ამასთანავე, „ბოკა ხუნიორსის“ დამაარსებლები სწორედ გენუადან არგენტინის დედაქალაქში ჩასული იტალიელი ემიგრანტები იყვნენ. თანაც, ამ ქალაქსაც აქვს ორი კლუბის მტრული დამოკიდებულების ფონზე თანაცხოვრების გამოცდილება, ბუნებრივია, საუბარია „ჯენოასა“ და „სამპდორიას“ მეტოქეობაზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გენუელთა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მათ ქალაქს ასეთი დიდი მატჩის მასპინძლობისთვის საკმარისი რესურსი აქვს და საამისოდ კეთილი ნებაც არსებობს.

საინტერესოა, რა გამოხმაურება მოჰყვება იტალიელთა ამ ინიციატივას არგენტინაში, სადაც შეხვედრის ჩატარების ოფიციალური თარიღი ჯერაც ვერ დაუდგენიათ.

„ბოკასა“ და „რივერის“ პირველი თამაში ფრედ 2:2 დასრულდა, საპასუხო თამაშში მოგებული თასს აღმართავს, ნებისმიერი ანგარიშის ფრის შემთხვევაში კი დამატებითი დრო დაინიშნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები