მენი პაკიაო VS ადრიენ ბრონერი! 19 იანვარი! ლას-ვეგასი!
Aa
Aa

მენი პაკიაო VS ადრიენ ბრონერი! 19 იანვარი! ლას-ვეგასი!

ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივე, მენი პაკიაო, რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ რინგს 19 იანვარს დაუბრუნდება. 39 წლის მებრძოლი ადრიენ ბრონერს დაუპირისპირდება და WBA-ის ნახევრად საშუალო წონითი კატეგორიის ჩემპიონის სტატუსის შენარჩუნებას შეეცდება.

პაკიაომ აღნიშნული ტიტული ივლისში დაისაკუთრა. მენიმ ყველასთვის მოულოდნელად ლუკას მატისე დაამარცხა და საკუთარი გულშემატკივრების გახარება კიდევ ერთხელ მოახერხა.

"პაკმანს" ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. კარიერის მანძილზე მას 60 ბრძოლა აქვს მოგებული და დამარცხებულის სტატუსით რინგი მხოლოდ 7-ჯერ დატოვა.

რაც შეეხება მის ოპონენტს, ბრონერი თავის დროზე ფლოიდ მეივეზერის მემკვიდრედ მიიჩნეოდა, თუმცა დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაცემული ავანსების გამართლება ვერ მოახერხა. ადრიენი რინგზე ძალიან სახიფათოა. მის ანგარიშზე 29 გამარჯვება, 3 წაგება და ერთი ფრეა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ 29-დან ბრონერმა ნოკაუტით 24-ჯერ იმარჯვა.

პაკიაომ სამომავლო დაპირისპირების შესახებ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა: "მინდა დავამტკიცო რომ ჩემი კარიერა ჯერ არ დასრულებულა და რინგზე გამოსვლა კვლავ შემიძლია. მსურს მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეებს დავუპირისპირდე და ადრიენ ბრონერი ერთ-ერთი მათგანია. მასთან ორთაბრძოლის ჩატარება სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. დარწმუნებული ვარ კარგ სანახაობას ვაჩვენებთ და გულშემატკივრებს უდიდეს სიამოვნებას მივანიჭებთ".

ცხელი ამბები