''ევროპულ ფეხბურთში დონე გათანაბრდა, მარტივი თამაში არ არსებობს''
Aa
Aa

''ევროპულ ფეხბურთში დონე გათანაბრდა, მარტივი თამაში არ არსებობს''

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მე-5 ტურში სტუმრად ანდორის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სლოვაკ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ესპანური ''ლუგოს'' ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ახლდა.

ვლადიმირ ვაისი:''კარგ ბრძოლას ველოდებით. ანდორას კარგი მწვრთნელი ჰყავს, ის ჩემი მეგობარია. ის ტაქტიკას ყოველთვის სწორად არჩევს. ამდროისთვის ანდორას 2 ქულა აქვს და ეცდება დარჩენილ შეხვედრებშიც მოიპოვოს ქულები, თუმცა ხვალინდელ მატჩში ჩვენი მიზანი 3 ქულის მოპოვებაა.

დასკვნით ორ ტურში გამარჯვებების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისას.''

- თავდამსხმელის პოზიციაზე რომელ ფეხბურთელს ვიხილავთ?

- შესაძლოა გადამწყვეტი არ იყოს კონკრეტულ მატჩში თავდამსხმელების რაოდენობა. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა სტილის ფეხბურთს ვითამაშებთ. ვნახოთ ვინ ითამაშებს ფორვარდის პოზიციაზე, არაბული, კაჭარავა თუ ყაზაიშვილი. ჩვენ მომავალზეც ვფიქრობთ. ჩვენი მიზანია ხვალინდელ მატჩში ჩვენი თამაში და ჩვენი ტემპი ვაჩვენოთ. გეგმა, რომელიც ხვალინდელი მატჩისთვის გვაქვს წარმოდგენილი, გვსურს მთლიანად შევასრულოთ.

- რატომ არ იმყოფება ჯანო ანანიძე შემადგენლობაში? ხვალინდელ მატჩში საქართველოს ეროვნულ გუნდში ველით ცვლილელებს?

- ჩვენი გუნდისთვის ჯანო ანანიძე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მოთამაშისა და მისი კლუბის, მოსკოვის ''სპარტაკის'' გათვალისწინებით, ანანიძე ამ ეტაპზე გუნდთან ერთად არ არის. მას საქართველოს ნაკრებში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, კონკრეტულად კი ჭანტურიშვილს, არ გამოვრიცხავ, რომ ხვალინდელ მატჩში სასტარტოში ითამაშოს.

- ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ქვილითაია, ოქრიაშვილი და მჭედლიძე ტრავმირებულები არიან. როგორ გაიარა შეკრება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა?

- სამწუხაროდ, წამყვანი მოთამაშეების გარეშე თამაში ხშირად გვიწევს, თუმცა ამას შეჩვეულები ვართ. შეიძლება ითქვას, მიმდინარე ერთა ლიგაზე საქართველომ საუკეთესო თამაში ლატვიასთან ჩაატარა. როგორც გასული მატჩებისთვის მზადებისას, ანალოგიურად გუნდში კვლავ კარგი განწყობაა. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ევროპულ ფეხბურთში დონე ძალიან გათანაბრდა და მარტივი თამაშები აღარ არსებობს.

გიორგი აბურჯანია: ''ოთხი გამარჯვების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა. რაც შეეხება მოდუნებას, ეს საქართველოს ნაკრებია და გამარჯვებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯებით.''

ანდორა-საქართველოს მატჩი 15 ნოემბერს თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები