რონი ოსალივანის კრიტიკა, ბარი ჰირნის დიქტატურა და აყროლებული დარბაზები
Aa
Aa

რონი ოსალივანის კრიტიკა, ბარი ჰირნის დიქტატურა და აყროლებული დარბაზები

ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, რონი ოსალივანმა, პრომოუტერი, ბარი ჰირნი და სნუკერის მმართველი ორგანიზაცია მიწასთან გაასწორა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი რამ ოქტომბერშიც მოხდა. მაშინ რონის უკმაყოფილების მიზეზი დარბაზი იყო, სადაც ინგლისის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი იმართებოდა. ოსალივანის თქმით შერჩეული ადგილი სრული კატასტროფა გახლდათ და ინტერვიუს მიცემის დროს მოთამაშეები შარდის სუნს გრძნობდნენ.

42 წლის ლეგენდამ საკუთარი პოზიცია სოციალური ქსელების მეშვეობით კიდევ ერთხელ დააფიქსირა. „ტვიტერზე“ ოსალივანმა პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „დიქტატურა, რომელიც დემოკრატიის ნიღბის უკან იმალება! ბარი ჰირნს სნუკერი ფეხებზე ჰკიდია! მას მხოლოდ ფული აინტერესებს! თავადაც მოგეხსენებათ რითაა იგი სავსე! მან ამ სპორტის შესახებ არაფერი იცის“!

ბარიმ, რომელიც სნუკერის გარდა კრივში და დარტსში „მოღვაწეობს“, რონის პასუხი ასევე „ტვიტერის“ მეშვეობით გასცა: „როგორ უნდა გავითვალისწინოთ მისი აზრები, როცა ჩვენთან შეხვედრაზე უარს ამბობს? ოსალივანს სხვა მოთამაშეებთან ერთად დაჯდომის და საკუთარი იდეების გაჟღერების შანსი რამდენჯერმე მიეცა, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა. ვფიქრობ ეს ფაქტი რონის პიროვნებას იდეალურად წარმოაჩენს. ჩემთვის რაციონალური კრიტიკა სავსებით მისაღებია, მაგრამ მისი არგუმენტები ძალიან ბუნდოვანია“.

აღსანიშნავია, რომ ჰირნის განცხადების შემდეგ, ერთ-ერთმა გუშემატკივარმა ოსალივანს კითხვა დაუსვა, სწორი იყო თუ არა შეხვედრებზე უარის თქმა, რაზეც რონიმ განაცხადა: „საუბარს აზრი არ აქვს! მაინც არაფერი კეთდება! მათ უნდათ ყველაფერი საიდუმლოდ დატოვონ და იმედოვნებენ, რომ 10 წელი გავა, სანამ ყველა მიხვდება, რომ საქმე უდიდეს კატასტროფასთან გვაქვს“.

„ახალი სისტემა ყარს და ბარი ჰირნს ეს მშვენივრად მოეხსენება! მიუხედავად ამისა იგი ყველაფერს უარყოფს და უკან დახევაზე კატეგორიულ უარს აცხადებს“.

„რეალურად ცვლილებების შესახებ დისკუსიის გამართვა არავის სურს! მათ უნდათ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე დატოვონ, როგორც ახლაა. ისინი სპორტსმენებს სანქციებითა და ჯარიმებით ემუქრებიან და აიძულებენ მათი მხარე დაიჭირონ".

"ტვიტერზე" ერთ-ერთმა ქომაგმა რონის საჩოგბურთო სისტემა შესთავაზა, სადაც ფედერერის, ნადალის, ჯოკოვიჩის და ზვერევის დონის მოთამაშეებს „უიმბლდონზე“ მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა არ უწევთ. ამაზე ოსალივანმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა მათ აყროლებულ დარბაზებში რომ ეასპარეზათ? ასეთ გარემოში ყოფნის შემდეგ ნელ-ნელა მოტივაცია გიქრება და სპორტის მიმართ არსებული სიყვარულიც უფერულდება“.

„სნუკერს ფულის გამო არ ვთამაშობ. ჩემი მიზანი სიამოვნების მიღებაა. აყროლებულ დარბაზებში, სამი კაცის და ერთი ძაღლის წინაშე, იმ მოთამაშეებთან ასპარეზობა , რომლებიც მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ამ სპორტში შორს ნამდვილად ვერ წავლენ, სასიამოვნო სულაც არაა“.

„ყველაფერი ფულს არ უკავშირდება! მირჩევნია კარგად მოწყობილ დარბაზში, ღირსეულ ოპონენტს დავუპირისპირდე, ვიდრე აქ გამოვიდე... როგორ ფიქრობთ, ესიამოვნებოდათ ფედერერს, მესის, ჰემილტონს და ვუდსს ასეთ გარემოში გამოსვლა“?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები