სამოა უკვე თბილისშია
Aa
Aa

სამოა უკვე თბილისშია

ნოემბრის ტესტების მეორე მატჩს ბორჯღალოსნები შაბათს, 17 ნოემბერს თბილისში გამართავენ და „ავჭალის“ რაგბის სტადიონზე სამოას ნაკრებს დაუპირისპრიდებიან.

მეტოქე უკვე თბილისშია და შაბათის შეხვედრისთვის ემზადება, ბილეთები კი „ავჭალის“ სტადიონისა და ფილარმონიის სალაროებში იყიდება.

სამოას კუნძულებზე რაგბი ყველაზე პოპულარული სპორტია .  ის მსოფლიო რეიტინგის ათეულის მკვიდრი წევრი იყო და სწორედ მაშინ შეძლო საქართველომ მეტოქის დამარცხება. ეს 2013 წლის 23 ნოემბერს, „მესხზე“ მოხდა და ბორჯღალოსნებმა პირველად შეძლეს „დიდი ათეულის“ წარმომადგენლის დამარცხება - 16-15.

მანამდე, გუნდების გზები პირველად 2003 წლის მსოფლიო თასზე გადაიკვეთა და მაშინ მეტოქემ 46-9 იმარჯვა, თუმცა მას შემდეგ ბორჯღალოსნებმა მეტოქე ორჯერ დაამარცხეს და ერთხელ ფრედ ეთამაშნენ. 

„მანუ სამოა“ თამაშის წინ ტრადიციულ საბრძოლო ცეკვას ასრულებს, რომელსაც „სივა ტაუ“ ეწოდება. ესაა ტრადიცია, ერთგვარი რიტუალი, რომელიც მორაგბეებს საბრძოლოდ განაწყობს და მეტოქისადმი პატივისცემას გამოხატავს.

საქართველოში „სივა ტაუ“ ცოცხლად 2013 და 2016 წლებში ვიხილეთ . სამოა, რომელიც დღეისათვის მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზეა (67,61) მსოფლიო თასზე „ა“ ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ირლანდია, შოტლანდია, იაპონია და რუსეთი იქნებიან.

ცხელი ამბები