Aa
Aa

"მერსედესის" წარმომადგენლების ღირსეული ჟესტი

ფორმულა ერთის წლევანდელმა სეზონმა „მერსედესის“ სრული დომინაციით ჩაიარა. მექსიკის გრან პრიზე ლუის ჰემილტონმა ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო ბრაზილიაში გამართული რბოლის შემდეგ გერმანულმა საჯინიბომ დუბლი გაიფორმა და კონსტრუქტორთა თასიც დაისაკუთრა. ოფიციალურად სეზონი 25 ნოემბერს დასრულდება მაგრამ ყველაფერი უკვე გარკვეულია.

„ვერცხლისფერი ისრებისთვის“ აღნიშნული გამარჯვება ზედიზედ მეოთხე აღმოჩნდა. "მერსედესის" წარმატება დიდწილად ნიკი ლაუდას დამსახურებაა, რომელიც გუნდში დიდი ხანია მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი სეზონის უმეტესი ნაწილი ავსტრიელმა ფილტვის გადანერგვის გამო გამოტოვა. წარმატებული ოპერაციის შემდეგ ნიკიმ საავადმყოფო ოქტომბერში დატოვა და ახლა სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

2013-ში ჰემილტონი კარიერის „მერსედესში“ გაგრძელებაზე სწორედ ლაუდამ დაიყოლია და წლებია გერმანული საჯინიბოს აღორძინებისთვის ყველაფერს აკეთებს. 

„ვერცხლისფერი ისრების“ წარმომადგენლებმა გაწეული შრომა ნიკის კიდევ ერთხელ დაუფასეს. ლუის ჰემილტონი, ვალტერი ბოტასი, ტოტო ვოლფი (გუნდის მმართველი) და სხვები გერმანული საჯინიბოს ბაზაზე წითელი კეპებით გამოცხადდნენ და პატივისცემის ნიშნად "ქუდიც მოიხადეს". შეგახსენებთ, რომ ნიკი ლაუდა ფორმულა ერთის რბოლებზე სწორედ ასეთი კეპით დადის.

ცხელი ამბები