ლუკაშ პოდოლსკი:
Aa
Aa

ლუკაშ პოდოლსკი: "უეინ რუნი ღირსეულ გაცილებას იმსახურებს"

გერმანიის ეროვნული გუნდის მაისურით ლუკაშ პოდოლსკის უკანასკნელი მატჩი ნამდვილად განსაკუთრებული გამოდგა. ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში იგი გუნდის კაპიტანი გახლდათ, მონაწილეობა შეხვედრის დაწყებამდე ჩატარებულ პრეზენტაციაში მიიღო და სიტყვით გამოსვლის უფლებაც მისცეს, რის გამოც მატჩის სტარტი რამდენიმე წუთით გადაიდო.

შეხვედრა „ბუნდესმანშაფტის“ გამარჯვებით დასრულდა. გადამწყვეტი გოლი სწორედ პოდოლსკიმ გაიტანა. ამ უკანასკნელმა შესანიშნავი ბურთი შეაგდო და ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა. 

ინგლისთან მატჩში ლუკაში ნაადრევად შეცვალეს... იმ მომენტში სტადიონზე „გლადიატორის“ „საუნდტრეკი“ გაისმა... ფინალური სასტვენის შემდეგ კი მან თანაგუნდელებთან ერთად „სიგნალ იდუნა პარკს“ საპატიო წრე ორჯერ დაარტყა.

ლუკაშს იმედი აქვს რომ რუნის შემთხვევაშიც იგივე მოხდება.

"ის, ვინც თვლის, რომ უეინ რუნი ნაკრებში თამაშს არ იმსახურებს, ძალიან ცდება. წარმოდგენა არ მაქვს რატომ აცხადებენ, რომ მან გამოსამშვიდობებელი მატჩი არ უნდა ჩაატაროს. მნიშვნელობა არ აქვს ისინი ყოფილი ფეხბურთელები არიან თუ არა, ფაქტია მათ მისი შურთ! ვფიქრობ ნეგატიური კომენტარების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ ესაა“. 

"ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ნაკრებისთვის ყველა მოთამაშე მაქსიმუმს ნამდვილად არ აკეთებს. როდესაც ვიღაც ამბობს რომ სანაკრებო ფეხბურთი არაფრად ვარგა და ეროვნულ გუნდში თამაშზე უარს აცხადებს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანი გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობის მიღებას არ იმსახურებს“.

„უეინის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა! იგი ინგლისელი გულშემატკივრებისთვის მუდამ მაქსიმუმს აკეთებდა! მართალია მას მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია, მაგრამ „სამი ლომის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“.

„ინგლისის, ესპანეთის, გერმანიის და სხვა მაღალი დონის ნაკრებების მაისურით 100-ზე მეტი მატჩის გამართვა განსაკუთრებული მოვლენაა და უეინ რუნი ღირსეულ გაცილებას ნამდვილად იმსახურებს“.

„ბუნებრივია ყველა მოთამაშეს გამოსამშვიდობებელ მატჩს ვერ მოვუწყობთ, მაგრამ ვფიქრობ ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები