ჯო კოულმა კარიერა დაასრულა
Aa
Aa

ჯო კოულმა კარიერა დაასრულა

37 წლის ასაკში „ჩელსის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯო კოულმა, კარიერის დასრულება გადაწყვიტა...

ინგლისელი ნახევარმცველის საფეხბურთო აღმასვლა „ვესტ ჰემში“ დაიწყო. მისი დებიუტი „ჩაქუჩების“ რიგებში 17 წლის ასაკში შედგა და შემდეგ რომან აბრამოვიჩის „ჩელსის“ შეუერთდა. ჯო მაღალი დონის მოთამაშედ სწორედ „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩამოყალიბდა. „არისტოკრატების“ მაისურით იგი 7 წლის განმავლობაში გამოდიოდა და „ლურჯებთან“ ერთად უამრავი ტიტული დაისაკუთრა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს საკუთარი გადაწყვეტილება „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული პოსტით ამცნო: „ოცწლიანი საფეხბურთო კარიერის შემდეგ დროა ბუცები კედელზე ჩამოვკიდო“.

„716 მატჩი, შვიდი გუნდის რიგებში გატანილი 104 გოლი - „ვესტ ჰემი“, „ჩელსი“, „ლივერპული“, „ლილი“, „ასტონ ვილა“, „ქოვენთრი“ და „ტამპა ბეი“. ამასთან ერთად ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურის მორგების პატივი. ეს ყველაფერი ნამდვილად ახდენილი ოცნებაა“.

„ჩელსისთან ერთად ტიტულების მოგება ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული მომენტი იყო. ლონდონელებთან დაკავშირებული მოგონებები ცხოვრების ბოლომდე გამყვება“.

ჯო კოულმა პოსტის დასკვნით ნაწილში სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: "ფეხბურთში დარჩენა მინდა. ვფიქრობ მწვრთნელის რანგში ბევრი რამის გაკეთება შემიძლია და "ტამპა ბეიში" ყოფნისას გუნდის თავკაცის ვალდებულებების შესრულებით უდიდესი სიამოვნება მივიღე. ჩემი სურვილი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გამოცდილების გაზიარება და ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე დახმარების გაწევაა, ზუსტად ისე, როგორც ერთ დროს ეს ჩემთვის გააკეთეს“...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები