Aa
Aa

"დემბელე უნდა მიხვდეს, რომ ფეხბურთი 24 საათიანი თამაშია" - რა დაემართა დემბელეს?

წლევანდელი სეზონი „ბარსას“ ფრანგი შემტევის უსმან დემბელესთვის კარგად დაიწყო.

ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში ძირითადში იყო და გოლებიც სტაბილურად გაჰქონდა.

შემდეგ ვალვერდემ სქემა შეცვალა და ძირითად შემადგენლობაში არტური გამოჩნდა, რომელმაც მწვრთნელის ნდობა ძალიან მალე მოიპოვა.

ვალვერდემ კოუტინიო შეტევაში მარცხენა ფლანგზე წაწია და დემბელემ კვლავ თადარიგში გადაინაცვლა.

ამის შემდეგ დემბელემ დისციპლინის დარღვევა დაიწყო. ფრანგი ვარჯიშებზე სისტემატურად აგვიანებს.

ვალვერდე ფეხბურთელებს ასეთ რამეს არ პატიობს და ზოგადად „ბარსელონაში“ პრაქტიკულად გამორიცხულია რომელიმე მოთამაშეს თავნებობა გაუტარონ.

ვალვერდემ დემბელე რამდენიმე შეხვედის განაცხადიდან ამოაგდო, თუმცა 21 წლის შემტევმა ჭკუა მაინც ვერ ისწავლა.

დემბელე არაპროფესიონალურად ქცევას განაგრძობს და ეს მის „ბარსელონურ“ კარიერას დიდ საფრთხეს უქმნის.

კლუბი ფრანგი ფეხბურთელის ცხოვრების წესითაც უკმაყოფილოა და ამაში დიდ პრობლემას ხედავს.

კატალონიელთა დირექტორმა გილერმო ამორმა დემბელეს შესახებ დასმულ შეკითხვას ასეთი პასუხი გასცა:

„ბარსელონას ფეხბურთელები პროფესიონალები არიან. ისინი შესაბამისად უნდა ცხოვრობდნენ და იქცეოდნენ.

ვარჯიშებზე ბოლომდე უნდა დაიხარჯნონ და ისე უნდა ითამაშონ, როგორც თავიანთი მწვრთნელები ეტყვიან“.

როგორც ჩანს დემბელემ მართლაც აურია. რა თქმა უნდა, მის არასწორ ქცევას თანაგუნდელებიც ამჩნევენ.

აი რა თქვა პიკემ დემბელეს შესახებ: „მისი განაცხადს მიღმა დატოვება მწვრთნელის სტრატეგიული გადაწყვეტილება გახლდათ. ვალვერდეს ეს ნაბიჯი დემბელეს სხვადასხვა ასპექტების გაუმჯობესებას ემსახურება.

ახალგაზრდობაში შეცდომას ყველა უშვებს და გამონაკლისი არავინაა. უსმანს ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით უნდა დავეხმაროთ.

დემბელე უნდა მიხვდეს, რომ ფეხბურთი 24 საათიანი თამაშია. შენ ფეხბურთით ცხოვრობ და ფეხბურთით სუნთქავ.

დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელის ეს გადაწყვეტილება დემბელეს დაეხმარება და ის განვითარებას განაგრძობს“.

დემბელესთვის ასეთი საქციელი უცხო ნამდვილად არ გახლავთ. როდესაც ის „დორტმუნდში“ თამაშობდა და მის მიმართ ინტერესი „ბარსამ“ გამოხატა, 19 წლის ფრანგმა გუნდიდან გაშვება კატეგორიულად მოითხოვა.

მან ვარჯიში შეწყვიტა და კლუბის წარმომaდგენელთა ზარებს არ პასუხობდა.

„ბარსაში“ გადასვლის შემდეგ ბევრს ეგონა, რომ ეს უბრალოდ 19 წლის ბიჭის ბავშვური ქმედება იყო და მეტი არაფერი, თუმცა როგორც ხედავთ დემბელეს, რომ იტყვიან „თავში აქვს ავარდნილი“ და მისი ასეთი ქცევა ჩვეულებრივი ამბავია.

ვალვერდემ ზომები თავიდანვე მიიღო და ფეხბურთელს აგრძნობინა, რომ ის სხვებისგან გამორჩეული არაფრითაა.

ბოლო შეხვედრებში განსაკუთრებით გამოჩნდა, რომ ფრანგი შემტევი მოედანზე ყოფნის დროს თავს დიდად არ იკლავს. ხშირ შემთხვევაში ის ზედმეტად ფიქრობს, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ბურთს კარგავს და მის დასაბრუნებლად სირბილიც ეზარება.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. კლუბი უკან არ დაიხევს და თუ არც დემბელე გააკეთებს ამას, ასეთ შემთხვევაში მას ტრანსფერზე დაყენება არ ასცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები