ცრემლები, დამტვრეული ფერარი და კონკურენტად მარადონა - ფრაგმენტები ''ქინქის'' ძველი ინტერვიუდან
Aa
Aa

ცრემლები, დამტვრეული ფერარი და კონკურენტად მარადონა - ფრაგმენტები ''ქინქის'' ძველი ინტერვიუდან

2018 წლის ნოემბერში ''მანჩესტერ სიტის'' ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში ყოფნისას Sportsmail-ს ესაუბრა. ვეტერანმა მოთამაშემ ინგლისურ კლუბში გატარებული წლები გაიხსენა და ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო. გთავაზობთ 2018 წლის ნოემბერში ჩაწერილი ვრცელი ინტერვიუს საუკეთესო მონაკვეთებს.

''თუ ბურთი მე მაქვს, შემიძლია გადაცემა აგუეროს მისამართით შევასრულო ისე, რომ მისი ძებნა არ დამჭირდება. მე ვიცი ეს, მაგრამ ყოველი მაღალი დონის ფეხბურთელი ფიქრობს, რომ გუარდიოლას გუნდში თამაში შეუძლიათ. ეს არ არის ადვილი.

თუ 100 პროცენტით არ დაიხარჯები, სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდები. მესიც კი - თუ კარგად ვერ ითამაშებს, სასტარტოში ვერ მოხვდება.

ფეხბურთელისთვის მოედანზე ყველაზე მნიშვნელოვანია ესმოდეს ქომაგთა ტაში და როდესაც კარიერას ასრულებ, ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ხმა არ დაგავიწყდეს და გახსოვდეს. ''მანჩესტერ სიტის'' გულშემატკივართა ტაშის ხმა მახსოვს ისე თითქოს გუშინ იყო.''

ქინქლაძის დებიუტი ''ტოტენჰემთან'' შედგა. ამ მატჩზე Oasis-ის გიტარისტი ნოელ გალაჰერი ტერი ვენეიბლზთან ერთად დირექტორთა ოთახში იჯდა.

''მე ვიფიქრე, რომ ის ან ყველაზე საშინელია და ან საუკეთესო, ვინც კი ოდესმე მინახავს'' - ასე ფიქრობდა ნოელი ქინქლაძის შესახებ, როცა მისი თამაში პირველად ნახა.

19 წლის შემდეგ ნოელის ძმა, ლაიამ გალაჰერი  Hilton Hotel-ის ბარში პრემიერლიგის ჩემპიონობას ზეიმობდა, როცა ქინქლაძე დაინახა.

''პირველად მან ჩემს ფეხსაცმელებზე გაიცინა, შემდეგ მაკოცა და Wonderwall-ის სიმღერა დაიწყო, მაგრამ განსხვავებული სიტყვებით მღეროდა. ეს დიდებული სიმღერა მისი, ჩემი და მთლიანად ''მანჩესტერ სიტისია.''

ქინლაძე ''მანჩესტერ სიტიში'' თამაშის პერიოდს იხსენებს.

''მეტოქის მცველები მეუბნებოდნენ, რომ ფეხებს მომამტვრევდნენ, მაგრამ რაც მეტი იყო მცველთა რაოდენობა, ეს ჩემთვის უკეთესი იყო, რადგან მათ შორის გაქცევის მეტი შესაძლებლობა მქონდა. ინგლისურად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. ალან ბოლი ეტყოდა ბიჭებს: ბურთი გიოს მიეცით. მე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მაგრამ ვცდილობდი ყოველთვის მაღალ დონეზე მეთამაშა.ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ კი არა. მახსოვს ერთხელ 11 ტურში მხოლოდ 2 ქულა მოვიპოვეთ.''

ქინქლაძე ომისგან განადგურებული საქართველოდან მანჩესტერში ჩამოვიდა. სპორტული კუთხით ეს გუნდი მისი თავშესაფარი იყო. თბილისის ''დინამოს'' პრეზიდენტმა ფეხბურთელები უცხოურ კლუბებში გაუშვა, რადგან მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. გარკვეული პერიოდი ქინქლაძე არგენტინულ ''ბოკა ხუნიორსში'' თამაშობდა.

''დიეგო კარიერას ასრულებდა, მაგრამ დაბრუნდა და ''ბოკაში'' ჩემს პოზიციაზე თამაშობდა. დიეგოს ვუყურებდი და ვფიქრობდი: ''ის ჩემი გმირია, მე არ შემიძლია მასთან კონკურენცია. ასე რომ საქართველოში დავბრუნდი.''

ქინქლაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით უელსთან ბრწყინვალედ ითამაშა. მისი გოლით საქართველომ უელსი სტუმრად დაამარცხა. ამავე ზაფხულში ''მანჩესტერ სიტის'' პრეზიდენტმა ფრენსის ლიმ 22 წლის ქინქლაძე 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ თბილისის ''დინამოდან'' შეიძინა.

''ჩემი სამუშაო მარტივი იყო: ვარჯიში, თამაში და მანქანის ტარება მარცხენა მხრიდან. ვარჯიშზე რამდენჯერმე დავაგვიანე, რადგან მანქანის მარცხენა მხრიდან ტარება არ შემეძლო. მე არ მქონდა ინგლისურის გაკვეთილები. ამგვარად ენას გასახდელში ვსწავლობდი. მათ შორის სალანძღავ სიტყვებს.

''მანჩესტერ სიტიში'' ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო. ''მეინ როუდი'' იყო კარგი სტადიონი, დიდებული მინდორი და საოცარი ატმოსფერო. ახალ სტადიონთან შედარებით ''მეინ როუდზე'' ბევრად უკეთესო ატმოსფერო იყო. ''მეინ როუდი'' ყოველთვის სავსე იყო, მაშინაც კი, როცა დაბალ დივიზიონებში ვთამაშობდით.''

ქინქლაძის სადებიუტო სეზონი ''ნისლიან ალბიონზე'' ძალიან წარუმატებელი გამოვიდა. 1995-96 წლების სეზონში ''მანჩესტერ სიტიმ'' პრემიერლიგა დატოვა.

''ეს ძალიან საწყენი იყო, ნამდვილი საშინელება, რადგან ინგლისში გამარჯვებისთვის ჩამოვედი, თუმცა პირველივე სეზონში პრემიერლიგა დავტოვეთ. გასახდელში ვტიროდი და ისეთი ვითარება იყო, თითქოს ვიღაც გარდაიცვალა.''

 ''მანჩესტერ სიტიში'' ასპარეზობისას გიორგი ქინქლაძემ ფერარი 150 000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა.

''ფრენსისმა მითხრა, რომ ფერარი არ შემეძინა, თუმცა არ მოვუსმინე'' - იხსენებს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ფერარით ვარჯიშზე მიმავალი თანაგუნდელ ნიკი სამარბისთან ერთად ავარიაში მოყვა. მანქანაში მათი კიდევ ერთი მეგობარი, პოლ ეშბი იმყოფებოდა.

 გიორგი ქინქლაძის თამაში ყველას არ მოსწონდა. ''მანჩესტერ სიტისა'' და ''ლივერპულის'' ყოფილი თავდამსხმელის, პოლ უოლშის აზრით,  გიორგი ქინქლაძე ''მანჩესტერ სიტის'' პრობლემების კატალიზატორად მიიჩნეოდა, რადგან ალან ბოლმა ქინქლაძე გაათამამა. უოლშის აზრით ქინქლაძეს ბევრი გოლები ვერ გაჰქონდა და მისი წვლილი გადამეტებული იყო.

გერმანელი ფორვარდის, უვე როსლერის აზრით, მის თანაგუნდელთაგან ქინქლაძე საუკეთესო იყო, თუმცა გუარდიოლას ფორმაციის ''მანჩესტერ სიტიში'' ვერ ითამაშებდა, რადგან ბევრ სამუშაოს ვერ შეასრულებდა.

1997 წელს ქინქლაძის შეძენა ''მანჩესტერ იუნაიტედს'' სურდა. ქართველის შეძენა სხვა კლუბებსაც სურდათ, თუმცა  სეზონის ბოლო საშინაო მატჩამდე 25 000 ქომაგმა პეტიცია შექმნა, რომლითაც ფეხბურთელს გუნდში დარჩენას სთხოვდნენ.

''მანჩესტერ სიტის'' ქომაგები ჩემდამი ლოიალურები იყვნენ და მეც მსურდა მათთვის მეპასუხა. ვფიქრობდი, რომ პრემიერლიგაში დავბრუნდებოდით, თუმცა ასე არ მოხდა. ერთი წლის შემდეგ კლუბი დავტოვე და  ''აიაქსში'' ორჯერ მეტი ხელფასი მქონდა, თუმცა საქმე სიყვარულში იყო და არა ფულში.

''მანჩესტერ იუნაიტედში'' გადასვლის შემთხვევაში პოპულარული გავხდებოდი, არა? მე ტიტულებზე არ ვფიქრობდი, ''იუნაიტედი'' კი ჩვენი მთავარი მეტოქე იყო.''

''მანჩესტერ სიტიში'' გიორგი ქინქლაძის ბოლო მწვრთნელი ჯო როილი იყო, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი ფლანგზე ათამაშა.

''მას მგონი ანდრეი კანჩელსკისში ავერიე'' - ხუმრობს ქინქლაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები