ნემანია მატიჩი:
Aa
Aa

ნემანია მატიჩი: "მოურინიომ იცის "სიტი" როგორ უნდა შეაჩეროს"

კვირას „ეტიჰეიდ სტედიუმზე“ მანჩესტერული დერბი გაიმართება. პრინციპულ შეხვედრას ორივე გუნდი აღმატებულ ხასიათზე ხვდება. ბოლო მატჩში „ქალაქელებმა“ საკუთარ მოედანზე „შახტარი“ გაანადგურეს, ხოლო „წითელმა ეშმაკებმა“ ტურინში „იუვენტუსს“ სძლიეს.

„მანჩესტერის“ ფეხბურთელი, ნემანია მატიჩი, დარწმუნებულია, რომ შეხვედრა ძალიან დაძაბული იქნება, მაგრამ აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიოს „სიტის“ შეჩერება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ პეპ გუარდიოლას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნისას პრემიერ ლიგის ეგიდით გამართული 37 საშინაო შეხვედრიდან „ქალაქელებმა“ მხოლოდ ერთი წააგეს, ისიც მოურინიოს „მანჩესტერთან“.

სერბმა ნახევარმცველმა კომენტარი კლუბის ოფიციალურ საიტს მისცა და განაცხადა: „წინ ურთულესი დაპირისპირება გველის. ჩვენი ოპონენტი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და ბევრი გოლი გააქვს, თუმცა გარკვეული უპირატესობები ჩვენც გვაქვს“.

„ჩვენი მთავარი მიზანი მათი შეტევების შეჩერება იქნება და მოურინიომ მშვენივრად იცის ეს როგორ უნდა გააკეთოს. როგორც უკვე აღვნიშნე წინ რთული მატჩი გველის, თუმცა მანჩესტერულ დერბიში გამორიცხული არაფერია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

მატიჩი „წითელი ეშმაკების“ ბოლოდროინდელ წარმატებებსაც შეეხო და განაცხადა: „ვფიქრობ მენტალურად ახლა უფრო ძლიერები ვართ. უკანასკნელი ოთხი შეხვედრიდან 3 მოვიგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ. ბუნებრივია ამან საკუთარი თავის რწმენა შეგვმატა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები