სტეფ კარიმ ტრავმა მიიღო...
Aa
Aa

სტეფ კარიმ ტრავმა მიიღო...

„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელს, სტეფ კარის, „მილუოკისთან“ მატჩში ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია. ამერიკული გამოცემების ცნობით მან ბარძაყის შიდა კუნთი დაიზიანა.

„ოქროს ბიჭუნამ“ ტრავმა მესამე მეოთხედში, საკმაოდ უცნაურ ეპიზოდში, მიიღო. კარი სწრაფ შეტევაში წამოსულ ბლედსოუს დაუხვდა და ნახტომის შემდეგ ტკივილი იგრძნო.

„უორიორსის“ თავკაცის, სტივ კერის განცხადებით, სტეფს უახლოეს დღეებში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდება და ტრავმის სიმძიმე ცნობილი ამის შემდეგ გახდება.

რაც შეეხება შეხვედრას, მატჩი „მილუოკის“ კალათბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და „ბაქსმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„გოლდენ სტეიტის“ მხრიდან 24 ქულით საუკეთესო კლეი ტომპსონი გახლდათ. კევინ დურანტმა გუნდს 17 ქულა შესძინა, ხოლო კარიმ 10 ქულა მიითვალა.

„მილუოკის“ ერიკ ბლედსოუმ ულიდერა. „ბაქსის“ გამთამაშებელმა აქტივში 26 ქულა ჩაიწერა. იანის ანტეტოკოუნმპომ მატჩი 24 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა. მალკოლმ ბროგდონმა კი 20 ქულა დააგროვა.

ამ გამარჯვების შედეგად „მილუოკის“ 9 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილს იკავებს. NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, „გოლდენ სტეიტი“ კი, მიუხედავად წაგებისა, დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები