Aa
Aa

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" ზედიზედ მეხუთედ წააგო

გამთენიისას ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“ მორიგი შეხვედრა გამართა. „პისტონსმა“ საკუთარ მოედანზე „მაიამი ჰიტი“ მიიღო და 5 ქულიანი სხვაობით, 115-120 დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. დამატებით დროში უკეთ ფლორიდელებმა იასპარეზეს და სასურველი შედეგის დაფიქსირება მოახერხეს.

ზაზა ფაჩულიას დეტროიტული კარიერის ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე მხოლოდ 8 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე ღირებული არაფერი გაუკეთებია. ზაზამ ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ფოლი მიიღო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი -11-ს უწია.

„პისტონსის“ რიგებში ანდრე დრამონდმა საოცარი მატჩი ჩაატარა. „დეტროიტის“ ცენტრმა 25 ქულასთან ერთად 24 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. რეჯი ჯექსონმა გუნდს ასევე 25 ქულა შესძინა, ხოლო ბლეიკ გრიფინი 24 ქულითა და 15 მოხსნით გამოირჩა.

„მაიამის“ 27 ქულით ჯოშ რიჩარდსონმა ულიდერა. გორან დრაგიჩმა გუნდს 21 ქულა შესძინა. „ჰიტის“ ლეგენდამ, დუეინ უეიდმა, კი თავი 18 ქულას მოუყარა.

ზაზა ფაჩულიას გუნდმა მიჯრით მეხუთე თამაში წააგო. 4 მოგებითა და 5 მარცხით „დეტროიტი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მერვე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები