ჯანლუკა ვიალი:
Aa
Aa

ჯანლუკა ვიალი: "იუვენტუსს ევროპაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს"

ლეგენდარული იტალიელი თავდამსხმელი, ჯანლუკა ვიალი თვლის, რომ წელს „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია და ევროპაში საუკეთესო კოლექტივი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ მშრალი სერია 22 წელს ითვლის. ტურინელებმა ევროპული თასის დასაკუთრება ბოლოს 1996-ში მოახერხეს. „ბიანკონერის“ კაპიტანი მაშინ სწორედ ვიალი გახლდათ. მისი წინამძღოლობით „იუვემ“ „აიაქსი“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მასიმილიანო ალეგრის მეთაურობით „ბებერი ქალბატონი“ ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა და ჯერ „ბარსელონასთან“, ხოლო შემდეგ „რეალთან“ წააგო.

Gazzetta dello sport-თან საუბრისას ვიალიმ განაცხადა: "წელს ევროპაში „იუვენტუსი“ ყველაზე ძლიერი გუნდია. საუბარი მხოლოდ სასტარტო შემადგენლობაზე არ მაქვს, „ბიანკონერის“ გრძელი სათადარიგო სკამი ჰყავს და ეს საკმაოდ დიდი უპირატესობაა. ზოგჯერ, როდესაც ძირითადი შემადგენლობის მიღმა დარჩენილ ფეხბურთელებს ვუყურებ, გაოცებული ვრჩები".

"ზაფხულში კლუბის მესვეურებმა შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღეს. მათ კოლექტივი, რომელმაც იტალიაში ყველაფერი მოიგო და ბოლო ოთხ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერით გააძლიერეს“.

„მაშინდელი  „იუვენტუსი“ ახლანდელს რომ შევადაროთ ვნახავთ, რომ ერთადერთი განსხვავება ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეული წარმატებაა. ვფიქრობ წლევანდელი „იუვენტუსი“ გაცილებით ძლიერი გუნდია! რატომ? მათ რიგებში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს“.

„მარჩელო ლიპის კოლექტივი თავს შესანიშნავად იცავდა. ჩვენს რიგებში მაღალი დონის ფეხბურთელები ასპარეზობდნენ, ტაქტიკურად მუდამ მომზადებული ვიყავით და აბსოლუტურად ყველა ჩვენგანი ფორმის პიკში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ მარჩელო ლიპის კრიშტიანუ რონალდუს დონის მოთამაშე, ნამდვილად არ ჰყოლია“.

„ახლა, როდესაც ზინედინ ზიდანი სამსახურის გარეშეა, ალეგრი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები