სუპერ თრილერი
Aa
Aa

სუპერ თრილერი "ლიბერტადორესის თასზე"

„რივერ პლეიტი“ „კოპა ლიბერტადორესის“ ფინალში გავიდა. არგენტინულმა გუნდმა სენსაციური შედეგი დააფიქსირა და ასპარეზობას მოქმედი ჩემპიონი, „გრემიო“, გამოთიშა.

„რივერმა“ ბრაზილიელებს გასვლაზე 2-1 სძლია და შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის ხარჯზე გავიდა. თუ „ბოკა ხუნიორსმა“ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა ფინალში დიდი ალბათობით „სუპერკლასიკოს“ ვიხილავთ.

„გრემიოსა“ და „რივერ პლეიტის“ მატჩში გულშემატკივრებმა ყველაფერი ნახეს! ამ შეხვედრას ნამდილად არაფერი აკლდა. დაპირისპირება „გრემიოს“ უპირატესობით დაიწყო. ბრაზილიელები წინ 36-ე წუთზე, ლეო გომესის გოლით გავიდნენ. 66-ე წუთზე მათ ორბურთიანი ჰანდიკაპის მოპოვებაც შეეძლოთ, თუმცა 100 პროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენეს.

„რივერმა“ წონასწორობა 81-ე წუთზე, ბორეს შეგდებული ბურთით, აღადგინა. აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ „გრემიოს“ ფეხბურთელები აცხადებდნენ, რომ მან ხელით ითამაშა და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.

სიტუაცია 86-ე წუთზე გამწვავდა. შეხვედრის არბიტრმა, ანდრეს კუნიამ, „გრემიოს“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა... ბრაზილიური გუნდის ფეხბურთელები ამ ფაქტმა გააცოფა. ბრესანს, რომელსაც ერთი ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა, მსაჯმა მეორე გაფრთხილება უჩვენა და მოედნიდან გააძევა, თუმცა ყველაფერი ასე ადვილად არ დასრულებულა... კადრებში ჩანს, რომ მან კუნიას მაისურზე მოქაჩა და თავიც მიარტყა.

ბრესანს სხვა მოთამაშეებიც აყვნენ. სიტუაციის დასაწყნარებლად და რეფერისა და ფეხბურთელებს შორის არსებული დაპირისპირების განსამუხტად, სტადიონზე პოლიციის შემოსვლა გახდა საჭირო.

საბოლოოდ პენალტი მაინც დაინიშნა და „რივერმა“ უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მსაჯის და VAR-ის გადაწყვეტილებას, "გრემიოს" მთავარი მწვრთნელი, რენატო პორტალუპი გამოეხმაურა და განაცხადა: „ასეთ მარცხს მერჩივნა 5-0 წამეგო. მოედანზე მყოფ მსაჯს ვერაფერში დავადანაშაულებ, მაგრამ ვიდეორეფერიზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვი! ვინ უყურა ვიდეოგამეორებას?! სტივი უონდერმა?! რეალობა ყველასთვის ცხადი იყო“!

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდის გამოსვლის შესახებ „რივერის“ თავკაცმა, მარსელო გალარდომაც, ისაუბრა.

„ისტორიული შეხვედრა მოვიგეთ! მატჩის დასკვნით ნაწილში შეტევაში წასვლა მოგვიწია, რადგან გოლი გვქონდა გასატანი. მოპოვებული გამარჯვებით ძალიან ბედნიერები ვართ“!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები